საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის რეკონსტრუქციასა და აღდგენაზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვა ხორციელდება „პროექტირება–მშენებლობის“ პრინციპით: კონტრაქტორმა არა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოები უნდა შეასრულოს, არამედ ჯერ შენობა გამოიკვლიოს, მოამზადოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მის საფუძველზე სამუშაოების საბოლოო მოცულობა განსაზღვროს. ტენდერში განაცხადების მიღება 21 სექტემბერს დასრულდა. ტენდერში პრეისკურანტის საწყისი ღირებულება 1 707 667,76 ლარს შეადგენდა. საერთო სავარაუდო ღირებულებად 13 მილიონ ლარზე მეტი გამოცხადდა. გამარჯვებული თბილისური კომპანია „ინტექსი“ გახდა, რომელმაც სამუშაოების შესრულება პრეისკურანტით 1 500 041 ლარად შემოგვთავაზა. ამჟამად ხელშეკრულება მომზადების ეტაპზეა.
ტექნიკური დავალების თანახმად, პროექტი სკოლის შენობის კომპლექსურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტში უნდა შევიდეს არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილები, სახურავისა და ფასადის სამუშაოები, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები, წყალმომარაგება და კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, სუსტი დენის სისტემები და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება. ასევე გათვალისწინებულია სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორს მოუწევს სადემონტაჟო და მიწის სამუშაოების, ასევე შენობის აღდგენისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების საბოლოო ჩამონათვალი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კონტრაქტორმა შენობის შემოწმება და საჭირო კვლევები უნდა ჩაატაროს. ამის შემდეგ შემუშავდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს, სკოლის რომელი ელემენტები საჭიროებს აღდგენას, გამაგრებას ან შეცვლას. სამუშაოების მთელი კომპლექსის შესასრულებლად ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან 16 კალენდარული თვეა გათვალისწინებული.
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამოქმედდება ორწლიანი გარანტიის ვადა. თუ ამ პერიოდში ხარვეზები გამოვლინდება, კონტრაქტორი ვალდებული იქნება აღმოფხვრას ისინი საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში. ვალდებულებების შესრულების დამატებით გარანტიას წარმოადგენს შემკვეთის მიერ საგარანტიო პერიოდისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის ან 5%-ის დაკავება. ტენდერის მსვლელობისას გამარჯვებულმა კომპანიამ შემკვეთის ყურადღება დოკუმენტაციაში ფასების ინდექსაციის მექანიზმის არარსებობაზე გაამახვილა. კომპანიის მოსაზრებით, პროექტის განხორციელების ხანგრძლივი ვადა ქმნის რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მასალების, ლოგისტიკის, საწვავისა და სამუშაო ძალის შესაძლო გაძვირებასთან. კომპანიამ წამოაყენა წინადადება, რომ ტენდერის პირობებსა და ხელშეკრულების პროექტში გათვალისწინებულიყო ფასის ინდექსაციის შესაძლებლობა. მან ეს არგუმენტირებული გახადა პროექტის შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფის, სამუშაოთა ხარისხის შენარჩუნებისა და საბაზრო ფასების ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების აუცილებლობით. ხელშეკრულების გაფორმებისა და შენობის შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა მოცულობის სამუშაოები იქნება საჭირო ვაჩიანის სკოლის სრული რეკონსტრუქციისთვის. იმის შესახებ, თუ სად ისწავლიან სოფელ ვაჩიანის სკოლის მოსწავლეები ამ პერიოდში, Jnews მომავალ მასალებში შემოგთავაზებთ