ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ოთხ პოზიციაზე 40-მდე განაცხადი შევიდა. განაცხადების განხილვის შემდეგ, შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში – გასაუბრებაზე – 14 კანდიდატი გადავიდა, რომელთა შედეგების მიხედვითაც კომისია სამ სტაჟიორს შეარჩევს.
1 სექტემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, სახელმწიფო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კონკურსი გამოაცხადა ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე. განაცხადების მიღება 10 სექტემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 40-მდე განაცხადი დარეგისტრირდა.
განმცხადებლებს შორის არიან უმაღლესი სასწავლებლების ახალბედა კურსდამთავრებულები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. განაცხადები ასევე შემოიტანეს ახალგაზრდებმა საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც.
მერიაში გამოცხადებული იყო შემდეგი ვაკანსიები:
იურიდიული სამსახურის სპეციალისტი;
შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი;
ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პროგრამისტი;
ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტი.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილების უფროსმა, ნორა პაპოიანმა განაცხადა, ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პროგრამისტის ვაკანსია გაუქმდება, ვინაიდან დადგენილ მოთხოვნებს არცერთი კანდიდატი არ აკმაყოფილებდა.
„პროგრამისტი-სტაჟიორი არ გვყავს, ხოლო დანარჩენ სამ ადგილზე არიან ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისი სტაჟიორები. მომდევნო კვირაში მათ გასაუბრებაზე გამოვიძახებთ და შევარჩევთ. დაახლოებით ორ ვაკანსიაზე 12-12 განაცხადი შევიდა, დანარჩენებზე კი – 7 და 9 განაცხადი“, – განაცხადა ნორა პაპოიანმა.
შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შედეგებით, მეორე ტურში 14 ადამიანი გადავიდა. მომდევნო კვირაში კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება, რის შემდეგაც კომისია შეარჩევს სამ ადამიანს, რომლებიც სტაჟირებაზე იქნებიან მიღებულნი.
სახელმწიფო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2024 წლიდან ხორციელდება. მისი ძირითადი მიზანია უმაღლესი სასწავლებლების ახალბედა კურსდამთავრებულებს მისცეს საჯარო დაწესებულებებში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ხელისუფლება აღნიშნავს, რომ პროგრამა ასევე მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის ხელშეწყობას.