ახალქალაქის ყოფილი №1 სამხედრო ნაწილის მცხოვრებთა ბავშვებისთვის საბავშვო მოედანი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. თუმცა დღეს ამ ტერიტორიის მდგომარეობა მშობლების შეშფოთებას იწვევს. ადგილობრივმა მცხოვრებმა, ანა რაისიანმა, Jnews-ს აცნობა საბავშვო მოედნის ცუდი მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ახლახან იქ მისი 4 წლის შვილი დაშავდა.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, საბავშვო მოედნისა და სათამაშო კონსტრუქციების ზოგიერთი ნაწილი კეთილმოწყობას საჭიროებს, რაც განსაკუთრებით აწუხებთ მშობლებს, რომლებსაც თავისი შვილები აქ ყოველდღე სათამაშოდ მოყავთ.

პრობლემა მხოლოდ საბავშვო მოედნის მდგომარეობაში არ მდგომარეობს. ტერიტორიაზე არ არის ურნები, რის გამოც ნაგავი ხშირად თვითონ სათამაშო მოედანზე რჩება. ბავშვებისთვის განკუთვნილი ადგილი, რომელიც სუფთა და უსაფრთხო უნდა იყოს, ხანდახან სანაგვედ გადაიქცევა ხოლმე.

ახალქალაქის საბავშვო მოედნების კეთილმოწყობის თემაზე Jnews მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსესიანებს ესაუბრა. მისი თქმით, ყოფილი №1 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ახალი საბავშვო მოედნის მშენებლობაა გათვალისწინებული და ამჟამად პროექტის დაგეგმვის სამუშაოები მიმდინარეობს.
„დაგეგმილია ახალი საბავშვო მოედნის მშენებლობა, მომავალი მოედნის დაპროექტების პროცესი უკვე მიმდინარეობს, თუმცა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია არსებული მოედანი. ამას უახლოესი ორი დღის განმავლობაში აუცილებლად გადავამოწმებ და შეძლებისდაგვარად ვეცდებით მის კეთილმოწყობას“, — განაცხადა არა მოვსესიანმა.
ახალი მოედნის მშენებლობა ჯერჯერობით მომავლის გეგმად რჩება, სანამ ბავშვები ისევ არსებული მოედნით სარგებლობენ. ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი მოედნის აშენებამდე ეს ტერიტორია ბავშვებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს და სუფთად ინახებოდეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 28 აპრილს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალური ქონების: პარკების, სტადიონებისა და სხვა ობიექტების რეკონსტრუქციისთვის 60 000 ლარი გამოყო. თუმცა, არა მოვსესიანის თქმით, ეს პროგრამა ამჟამად გაურკვეველ მდგომარეობაშია და შესაძლოა გაუქმდეს.
