ახალი ეპოქა ქართულ ავიაციაში – $15-მილიონიანი „ავიასოფლის“ პროექტი

ახალი ეპოქა ქართულ ავიაციაში – $15-მილიონიანი „ავიასოფლის“ პროექტი

5 სექტემბერს, კახეთში, კაჭრეთში ოფიციალურად გაიხსნა კომპლექსი Ambassadori Aviation Village, რომელიც აერთიანებს აეროდრომს, ავიასკოლას, სერვისცენტრს და მსუბუქი თვითმფრინავების მფლობელებისთვის განკუთვნილ დახურულ კოტეჯურ დასახლებას. პროექტის ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

სტუმრებსა და უცხოელ პილოტებთან გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ავიაციის ისტორიაში ახალი ფურცლის გახსნის“ შესახებ განაცხადა.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის კერძო თვითმფრინავების 30-მდე ეკიპაჟმა — ისინი საერთაშორისო ექსპედიციის, Private Pilot Expedition to Georgia 2026-ის მონაწილეები არიან. მათ საქართველოში მარშრუტით ლუქსემბურგი-ბათუმი-კაჭრეთი იმოგზაურეს.

„ავიასოფელი“ ბიზნესმენ ელგუჯა ქებურიას კომპანია Ambassador Group-მა, სახელმწიფო მხარდაჭერითა და „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ააშენა.

Ambassadori Aviation Village მსუბუქ თვითმფრინავებზეა გათვლილი. აეროდრომის გარდა, კომპლექსში შედის საავიაციო აკადემია, სერვისჰაბი და რეზიდენციები პილოტებისთვის.

კომპლექსს 16 ჰექტარი ფართობი უკავია. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვილებს ინდივიდუალური ანგარები აქვს და თვითმფრინავის შენობიდან პირდაპირ სამანევრო ბილიკზე გამყვანაა შესაძლებელი.

მომავალში კომპანია საქართველოს რეგიონებს შორის კერძო საჰაერო მიმოსვლის ქსელის შექმნას გეგმავს.

კაჭრეთის აეროდრომი ამ ქსელის პირველი ელემენტი უნდა გახდეს. შემდეგ ეტაპად ბათუმში ხელოვნური არქიპელაგის, Ambassadori Island Batumi-ს პროექტს ასახელებენ, სადაც ასევე იგეგმება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა.

კომპანიის ჩანაფიქრით, ეს მომავალში კახეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის — ალაზნის ველის პირდაპირ აჭარის კურორტებთან დაკავშირებით — კერძო რეისებისა და აეროტაქსის ორგანიზების საშუალებას მოგვცემს.

Aviation Village-ის გახსნა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერითა და კაჭრეთის ცაში გამართული ავიაშოუთი დასრულდა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე