„ახალი ტალღა 2026-ის“ გამარჯვებული ახალქალაქელი ფლორა ბიჩახჩიანი გახდა

„ახალი ტალღა 2026-ის“ გამარჯვებული ახალქალაქელი ფლორა ბიჩახჩიანი გახდა

ახალქალაქელმა მომღერალმა ფლორა ბიჩახჩიანმა, რომელიც სომხეთს წარმოადგენდა, ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურს „ახალი ტალღა 2026-ის“ გამარჯვება მოიპოვა. კონკურსის ფინალი 23 აგვისტოს ყაზანში გაიმართა.

2026 წელს მომღერალმა „ახალ ტალღაზე“ შესარჩევი ეტაპი 6 ათასზე მეტ განაცხადს შორის გაიარა. ფინალში 13 მონაწილე გადავიდა, გამარჯვებისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში კი 12 შემსრულებელი წარდგა. სომხეთის სახელით გამოსულმა ფლორამ კონკურსის მთავარი პრიზის მოპოვება შეძლო და 4 მილიონი რუბლი მიიღო. ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ იგორ კრუტოი, იგორ მათვიენკო, ფილიპ კირკოროვი, იგორ ნიკოლაევი, ლოლიტა, ალსუ და მუსიკალური სფეროს სხვა ცნობილი მოღვაწეები, გამოსვლებს 10-ბალიანი სისტემით აფასებდა.

ფლორა ბიჩახჩიანი 1997 წლის 25 თებერვალს ახალქალაქში დაიბადა. ბავშვობაში იგი ოჯახთან ერთად ეკატერინბურგში გადავიდა, თუმცა მისი მუსიკალური გზის საწყის წერტილად სწორედ მშობლიური ქალაქი იქცა. ფლორა ვოკალზე ოთხი წლიდან დადის. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ახალქალაქის კულტურის სახლში მოსმენაზე მივიდა, სადაც პედაგოგებმა მისი ნიჭი მაშინვე შეამჩნიეს. მოგვიანებით მომღერალმა მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა ესტრადო-ჯაზური ვოკალის მიმართულებით. დღეს იგი არა მხოლოდ მღერის, არამედ წერს საკუთარ სიმღერებს, ასწავლის ვოკალს და სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მონაწილეობს. მისი შემოქმედება ჯაზის, სოულის, R&B-ის, ეთნიკური მუსიკისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს აერთიანებს.

ფლორას ფართო ცნობადობა პოპულარულ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობამ მოუტანა. 2021 წელს იგი შოუ „გოლოსის“ მეათე სეზონში გამოვიდა. „ბრმა კასტინგზე“ მომღერალმა ჯგუფ „ბრავოს“ სიმღერა „Старый отель“ შეასრულა და დიმა ბილანის გუნდში მოხვდა. ბიჩახჩიანი ასევე არაერთხელ მონაწილეობდა შოუში „Ну-ка, все вместе!“, 2024 წელს კი პროექტის ფინალამდე მიაღწია და მეოთხე ადგილი დაიკავა. 2025 წელს იგი სომხეთს წარმოადგენდა „ევროვიზიის“ ეროვნულ შესარჩევ ტურში სიმღერით Prayer და მეერვე ადგილი დაიკავა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე