23 აგვისტოს ვაჩიანში სამმაგი დღესასწაული აღინიშნა. ადგილობრივები სოფლის დაარსების 196 წლისთავის, საბავშვო ბაღ „ჰაიკანუშის“ 15 წლის იუბილისა და ჯვრის გახსნის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.
სადღესასწაულო დღე საბავშვო ბაღ „ჰაიკანუშის“ 15 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებით დაიწყო. წლების წინ ძმებმა მანუკიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთი სახლი საბავშვო ბაღად ექციათ.
სახლი, სადაც ოდესღაც ბავშვების ხმაური ისმოდა, სადაც კედლები ოჯახურ მოგონებებს ინახავდა და სადაც მათ ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წლები გაატარეს, წარსულში არ დაუტოვებიათ – მათ იგი მომავალს გაუხსნეს.
ძმები მანუკიანების ეს ნაბიჯი უბრალო ქველმოქმედება არ არის — ეს თანმიმდევრული ზრუნვა და საკუთარ ფესვებთან დაბრუნებაა.
ამის ყველაზე მშვენიერი დასტური კი, ალბათ, ის არის, რომ მათ ნამოქმედარზე დღეს არა მხოლოდ ოფიციალური სიტყვებით, არამედ ბავშვების ღიმილით საუბრობენ.
23 აგვისტოს სადღესასწაულო დღე ვაჩიანში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა: სოფელში ჯვრის გახსნის ცერემონია გაიმართა.
ჯვრის ქტიტორი (ჯვრის აღმართვის პატრონი) სოფლის მკვიდრი და ქველმოქმედი ხაჩატურ დილბანდიანი გახდა.
სოფლისთვის მსგავსი ინიციატივები მხოლოდ ფორმალობა ან ცერემონია არ არის — ისინი მშობლიურ მიწას, რწმენასა და თაობებს შორის არსებულ კავშირს ასახავს.
ჯვარი კურთხევის ნიშნად აღიმართა, თითქოს იმის შესახსენებლად, რომ სოფელი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისი შვილების მიმობნევის მიუხედავად, მაინც ყველას საერთო სახლად რჩება.
ჯვრის გახსნის ცერემონიას საკონცერტო პროგრამა მოჰყვა. იმ დღეს ვაჩიანი სიმღერის, მუსიკისა და სიხარულის დიდ სცენად იქცა.
სოფელში ცნობილი მომღერლები იყვნენ მოწვეულნი, ხოლო კონცერტის ორგანიზებასა და სპონსორობას მხარი ისევ სოფლის ქველმოქმედებმა დაუჭირეს.
იმ საღამოს ვაჩიანში, თითქოს, წამით ყველამ დაივიწყა ყოველდღიური საზრუნავი.
სოფლის მცხოვრებლები ერთად შეიკრიბნენ. ბავშვები დარბოდნენ, უფროსები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, სცენიდან მუსიკა ისმოდა და სოფლის მოედანი ისეთი სიცოცხლით იყო სავსე, როგორიც ყოველდღე არ გვხვდება.
ამ ყველაფერში კი ერთი მნიშვნელოვანი რამ იგრძნობოდა: ვაჩიანი კვლავ ცოცხლობს.











