ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, ზაფხულის ცხელ თვეებში, წყალი მოლოდინისა და წუხილის მთავარი მიზეზი ხდება. მერიის წარმომადგენელმა სოფელ ვაჩიანში JNEWS-თან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ წელს ეს პრობლემა გადაიჭრება.
თანასოფლელების თქმით, იმ სეზონზე, როდესაც კარტოფილის ყანებისა და სახლთან ახლოს მდებარე ნაკვეთების მორწყვას იწყებენ, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა მკვეთრად იკლებს. წყალმომარაგების ისივე სისტემა, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიური საჭიროებებისთვის წყლით უზრუნველყოფს, სარწყავადაც გამოიყენება. შედეგად, სოფელში წყლის მიწოდება არასტაბილური ხდება. სწორედ წყალია სოფლის ცენტრში შეკრებილების მთავარი განხილვისა და დარდის თემა.
საქმე ის არის, რომ ვაჩიანში სასმელი წყალი შეფერხებებით მიეწოდებათ: ერთ უბანში წყალი ორი დღეა, შემდეგ მეორე უბანში – ორი დღე და ასე შემდეგ.
„ჩვენთან წყალი ორი დღე არის, მერე აღარ არის“, -ამბობენ სოფლის მცხოვრებლები და აღწერენ სიტუაციას, რომელთან შეგუებაც, განსაკუთრებით ზაფხულში, უწევთ.
„ზაფხულის დღეებში, როცა მცხოვრებლები ბოსტნების მორწყვას იწყებენ, წყლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება და წყალი მხოლოდ ორ დღეში ერთხელ მოგვდის“, – განაცხადა მანველ ბალოიანმა.
კითხვაზე, მიმართეს თუ არა ოდესმე ამ საკითხზე მერიის წარმომადგენელს და შესთავაზეს თუ არა რაიმე გამოსავალი, ალბერტ ალექიანმა უპასუხა:
„სულ ვჩივით, ისინ კი გვპირდებიან, რომ პრობლემას მოაგვარებენ. რა თქმა უნდა, სულ უწყლოდ არ ვრჩებით, მაგრამ ამ დროს საყოფაცხოვრებო საკითხებში ბევრი პრობლემა იქმნება“.
ვაჩიანში წყლის ნაკლებობა მხოლოდ ონკანიდან წყლის არწამოსვლის პრობლემა არ არის. ის სოფლის მცხოვრებთა ყოველდღიურ ცხოვრებას არღვევს: რთულდება სასმელი წყლის უზრუნველყოფის, საჭმლის მომზადების, რეცხვისა და სხვა აუცილებელი საოჯახო საქმეების კეთების პროცესი. სოფლის მცხოვრებთათვის კი ზაფხული ყველაზე მძიმე სასოფლო-სამეურნეო პერიოდია, როდესაც კარტოფილის ყანები მუდმივ მოვლასა და მორწყვას მოითხოვს.
სოფლის მცხოვრებთა მიერ წამოჭრილი პრობლემა, სინამდვილეში, შეზღუდულ წყლის რესურსებსა და მათ სხვადასხვა მიზნით გამოყენებას უკავშირდება. სარწყავი სეზონის დაწყებასთან ერთად, წყალზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. ამ დროს, ადგილობრივების თქმით, სარწყავად გამოყენებული წყალი სასმელი წყლის სისტემიდან მოდის, რის შედეგადაც სოფლის წყალმომარაგება არასტაბილური ხდება.
ამ სიტუაციაში თანასოფლელები რთული არჩევანის წინაშე დგებიან: ერთი მხრივ, მორწყვის გარეშე შეუძლებელია ყოველწლიური მოსავლის უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი, მორწყვის აუცილებლობამ მოსახლეობისთვის სასმელ წყალზე წვდომის შეზღუდვა არ უნდა გამოიწვიოს.
კითხვაზე, როგორი მდგომარეობაა სოფელში სარწყავ წყალთან დაკავშირებით და როგორ რწყავენ ადგილობრივები კარტოფილის ყანებს, პაპა აზატმა უპასუხა:
„სოფლისთვის განკუთვნილი სარწყავი წყალი რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან მოდის, საიდანაც ტუმბოების (ნასოსების) საშუალებით აღწევს სოფელ ვაჩიანამდე და ისიც ძლივს ჰყოფნის სოფლის კარტოფილის ყანების მორწყვას“.
ვაჩიანისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან კარტოფილის მოყვანას სოფლის ეკონომიკაში დიდი ადგილი უკავია. ზაფხულში ყანებს მორწყვა სჭირდება.
JNEWS-მა პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯების გასარკვევად სოფელ ვაჩიანში მერის წარმომადგენელს, ფიოდორ თოროსიანს ესაუბრა.
მისი თქმით, ვაჩიანის წყალსადენის ხაზი სოფელ დილიფიდან მოდის, წელს კი ახალი წყალსადენი ნინოწმინდაშიც გაიყვანეს. ამ სისტემაში არის თავისუფალი ტუმბოები და მათ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიმართეს თხოვნით, განეხილათ ვაჩიანის დამატებითი წყლით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
„ჩვენი სოფლისთვის წყალი სოფელ დილიფიდან მოდის. წელს ნინოწმინდაში ახალი წყალსადენი გაიყვანეს, სადაც თავისუფალი ტუმბოებია. ჩვენ მივმართეთ შპს „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას“ თხოვნით, რომ იქიდან ჩვენი სოფელი დამატებითი წყლით უზრუნველყონ. ეს ყველაფერი პროცესშია“, — განაცხადა JNEWS-თან საუბრისას თოროსიანმა.
კითხვაზე, თუ როდის დასრულდება ეს პროცესი, ფიოდორ თოროსიანმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ვადებს ვერ დასახელებდა.
„ჩვენს სოფელში წყლის პრობლემა, როგორც ასეთი, არ არის. ეს დროებითი პრობლემაა, რომელიც მაშინ იქმნება, როდესაც მოსახლეობა ბოსტნებს რწყავს“, — აღნიშნა მერის წარმომადგენელმა.
JNEWS თვალს ადევნებს მოვლენათა განვითარებას და პრობლემის გადაჭრის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.