გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს იხსნება — ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იუწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრ, 24-საათიან კონტროლს განახორციელებს.
„ნებისმიერმა პირმა, ვისაც გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სურს, ნადირობის დაწყებამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღების მოსაკრებელი (10 ლარი)“. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: № 200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი ხაზინის კოდი: 3033.
სანადირო სეზონი მომავალი წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან კანონი, ხოლო დარღვევის შემთხვევაში დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე — 153 (ზარი ინდექსის გარეშე, უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა ქვედანაყოფმა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს.
იმ გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია, ნადირობის ვადები, დღიური ლიმიტები სანადირო ადგილების მიხედვით და ბიუჯეტის შემოსულობების ხაზინის კოდები იხილეთ მითითებულ ბმულზე“ — ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტერიტორიებზე, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის მრავალმხრივი გამოყენების აღკვეთილის ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების ირგვლივ 500-მეტრიან და ეროვნული პარკების ირგვლივ 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებულ სანაშენე მეურნეობების ტერიტორიებზე.
ასევე აკრძალულია ყველა სხვა სახის იარაღით ნადირობა, რომლებიც არ არის მითითებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში (სადაც ნებადართულია: გლუვლულიანი სანადირო თოფი, ხრახნილლულიანი სანადირო თოფი [კარაბინი ან შაშხანა], კომბინირებული სანადირო თოფი [ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი], ცივი და ცივი სასროლი სანადირო იარაღი; პნევმატური სანადირო იარაღი).