სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან რკინიგზას საკუთარი დაფინანსებით აღადგენს

სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან რკინიგზას საკუთარი დაფინანსებით აღადგენს

სომხეთის სოფელ ერასხიდან ნახიჩევანის (აზერბაიჯანი) საზღვრამდე, ასევე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე რკინიგზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეკონსტრუქცია სრულად სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა უარყო ვარაუდი, თითქოს ამ პროექტებში სომხური მხარის მონაწილეობა სხვა პარტნიორების, კერძოდ რუსეთის, გამორიცხვას ნიშნავს. მისი თქმით, ეს არ გულისხმობს, რომ რუსულმა მხარემ მონაწილეობაზე უარი თქვა ან მისი კანდიდატურა უარყვეს. თუმცა, პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურის ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა და რეალიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება.

წინა ბრიფინგზე, ზუსტად ერთი კვირის წინ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით ცდილობს სომხეთის რკინიგზაზე რუსული კონცესიის საკითხის მოგვარებას.

„ჩვენ რკინიგზის საკითხის მშვიდობიანი მოგვარება გვსურს და არა ხისტი გადაწყვეტილებები. საჭიროა ერთმანეთის ინტერესების გაგება და კომპრომისის მიღწევა“, — აღნიშნა მაშინ ფაშინიანმა და ერთ-ერთ ვარიანტად რუსული კონცესიის სრული ან ნაწილობრივი გაყიდვა დასახელდა.

მისი განმარტებით, პრობლემა თავად რუსულ კონცესიაში კი არ არის, არამედ იმ რისკში, რომ სომხეთმა შესაძლოა ხელიდან გაუშვას საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირების ისტორიული შესაძლებლობა. კერძოდ, სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის პოტენციური მსხვილი მომხმარებლები ინვესტიციების მიმართ ინტერესს არ იჩენენ და ალტერნატიულ, სომხეთის გვერდის ავლით არსებულ მარშრუტებს ეძებენ.

უფრო ადრე, ივლისის ბოლოს, ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვს დაემუქრა, რომ კონცესიის პირობების გადახედვაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, სომხეთმა შესაძლოა რუსეთს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის იჯარისთვის წელიწადში 2 მილიარდამდე დოლარი მოსთხოვოს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არც არბიტრაჟის გამოყენება გამორიცხა.

2008 წლიდან სომხეთის სარკინიგზო ქსელს 30-წლიანი კონცესიური ხელშეკრულების ფარგლებში მართავს და 100%-ით ფლობს კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“, რომელიც „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიაა.

„შესაძლოა, სომხეთმა იმისთვის დაიწყოს 2 მილიარდი დოლარის მოთხოვნა, რაც 30 წლის განმავლობაში უფასო იყო. რკინიგზას არ ვგულისხმობ, თუმცა პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაა და სხვა გზა არ არსებობს“, — განაცხადა მაშინ ფაშინიანმა.

თებერვალში მან მოსკოვს შესთავაზა, ეს უფლებები „მეგობრული“ ქვეყნისთვის — ყაზახეთისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ან კატარისთვის მიეყიდა, ვინაიდან არსებული სიტუაცია სომხეთისთვის „არაკონკურენტულ, არახელსაყრელ პირობებს“ ქმნის. თუმცა რუსეთის მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამისთვის „ობიექტური საფუძველი არ არსებობს“. ამის შემდეგ ფაშინიანმა თქვა, რომ რკინიგზა სომხეთს ეკუთვნის და მას უფლება აქვს, ის „საკუთარი შეხედულებისამებრ“ გამოიყენოს.

ფაშინიანი კონცესიური ხელშეკრულების გადახედვის ერთ-ერთ მიზეზად სარკინიგზო ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ასახელებს.

2025 წელს მან რუსეთს შესთავაზა, აღედგინა ან სომხეთისთვის დაებრუნებინა ერასხიდან აზერბაიჯანამდე და ახურიკიდან თურქეთამდე არსებული მონაკვეთები, რათა რესპუბლიკას მათი აღდგენა სახელმწიფოს ხარჯზე შეძლებოდა.

აზერბაიჯანსა და თურქეთთან მოსაზღვრე სომხეთის სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა აუცილებელია პროექტ „ტრამპის მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში“ (TRIPP) რეალიზაციისთვის, რომლის მართვაც ამერიკულ კერძო კომპანიას უნდა გადაეცეს. ფაშინიანი TRIPP-ის გაგრძელების „ორ კონკურენტულ ვარიანტს“ ასახელებს: პირველი — ახალი ხაზი თურქეთის ქალაქ ყარსიდან, ხოლო მეორე -სომხეთის გავლით, ანუ ერასხიდან ახურიანამდე.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე