აბულის მთი – ჯავახეთის ერთ-ერთი სიმბოლოა. ეს ჯავახეთის ყველაზე მაღალი მწვერვალია და თითქმის ყველა ჯავახი გულში ატარებს ოცნებას, რომ ერთ მშვენიერ დღეს აბულის მწვერვალზე ავიდეს, ეს სიმაღლე დაიპყროს და ზემოდან გადმოხედოს თავის მშობლიურ აკვანს.
თუმცა, ოცნების რეალობად საქმევად ზოგჯერ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა კარგი კომპანია, სწორად დაგეგმილი მარშრუტი, სიმამაცე და ცოტაოდენი ავანტიურიზმიც. სწორედ ასეთი შესაძლებლობა შექმნა ამჯერად Jnews-მა — გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ არა მხოლოდ აბულზე ასვლა, არამედ ამ გზის სასიამოვნო, საინტერესო და დაუვიწყარ თავგადასავლად ქცევა.
ჩვენი ასვლა სოფელ აბულიდან დაიწყო. აქედან მაღალი გამავლობის ავტომობილით (ჯიპით) დაახლოებით 2500 მეტრის სიმაღლეზე ავედით, რის შემდეგაც გზა ფეხით გავაგრძელეთ.
პირველივე ნაბიჯებიდან ნათელი ხდება, რომ აბული ჩვეულებრივი გასასეირნებელი ადგილი არ არის. მთის მწვერვალი თითქმის მთლიანად ვულკანური ქანებითაა დაფარული, რაც ასვლას საგრძნობლად ართულებს.
მწვერვალზე ასასვლელად შეგიძლიათ ცენტრალური მარშრუტი აირჩიოთ. ეს გზა შედარებით მოკლეა, თუმცა წვრილი და მოძრავი ქვები ხშირად პირდაპირ ფეხქვეშ გეცლებათ. შედეგად, სიმოკლის მიუხედავად, იგი გაცილებით მეტ ენერგიასა და ფიზიკურ ძალას მოითხოვს.
მეორე ვარიანტია მთის მარცხენა მხრიდან ასვლა. აქ ქვები უფრო დიდია და მყარი, რის გამოც ნაბიჯის გადადგმა შედარებით იოლია და ნაკლებ დატვირთვას მოითხოვს.
ამასთანავე, ასვლისას აუცილებელია ფერდობების დახრილობისა და აბულის სიმაღლის გათვალისწინება. გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირებისთვის რეკომენდებულია წინასწარ გაიარონ კონსულტაცია ექიმთან და შესაბამისი მომზადების გარეშე ასეთ ლაშქრობას ნუ შეუდგებიან.
აბულის პირველ პიკზე (მწვერვალზე) მდებარეობს მთის სალოცავი – სურბ ხაჩატური. მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ყოველწლიურად, ვარდავარის დღესასწაულზე, აქ ლოცვით მსვლელობას (პილიგრიმობას) აწყობენ. ასვლა ღამით იწყება, განთიადისას ამ სალოცავში აღთქმას დებენ, მზის ამოსვლას მთის მწვერვალზე ხვდებიან, ნაშუადღევს კი სოფლებში ბრუნდებიან და ვარდავარს აღნიშნავენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდებარე სოფლების უხუცესები თაობიდან თაობას გადასცემენ ამ სალოცავთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებსა და ლეგენდებს. უხუცესთა ნაამბობის თანახმად, სოფელში ცხოვრობდა ნიჭით/მადლით დაჯილდოებული ქალი, რომელმაც სიზმარში ნახა, რომ წმინდა ხაჩატურის დაკრძალვის ადგილი სწორედ ამჟამინდელი სალოცავის ტერიტორიაზე იყო. ვარდავარის დღესასწაულზე ეს ქალი მთაზე ავიდა წმინდა ხაჩატურის საფლავის მოსაძებნად, მას კი თან გაჰყვნენ სხვა პილიგრიმებიც, რომელთა შორის ერთ-ერთი ორსული ქალი იყო. ორსულის ოჯახი წინააღმდეგი იყო მისი მთაზე ასვლისა, თუმცა მან მაინც ავიდოდა. როგორც კი წმინდა ხაჩატურის საფლავს მიაღწია, აკლდამა გაქვავდა და დღეს ეს ადგილი ირგვლივ მდებარე სოფლებისთვის საკულტო, სალოცავ ადგილად რჩება.
როდესაც სალოცავს მიაღწევთ, ეს ნიშნავს, რომ ასვლის მთავარი სირთულე პრაქტიკულად უკვე გადალახეთ. აქედან გადაშლილი ხედი უბრალოდ ლამაზი კი არ არის — თვალწინ ისეთი სანახაობა გადაგეშლებათ, რომლის სანახავადაც ნამდვილად ღირდა მთელი ამ გზის გამოვლა.
თქვენ წინაშე გადაშლილია მთელი ჯავახეთი – თავისი მთებით, მინდვრებითა და უსასრულო სივრცეებით. სიმაღლიდან მშობლიური სამყარო თითქოს იცვლის ზომებსა და ფერებს.
თუმცა, აბული ჯერ კიდევ ინახავს ყველაზე მშვენიერ სიურპრიზს. ყველაზე შთამბეჭდავი ხედი ჯერ კიდევ წინ არის.
სალოცავის გავლის შემდეგ გზა ვიწრო ფერდობზე/გვერდითა ნაწილზე გრძელდება. სწორედ აქ იშლება ჩვენ წინაშე აბულის სხვა მწვერვალები — ორი ცალკეული სიმაღლე, რომლებზე ასვლაც უკვე აღარ მოითხოვს დიდ დროსა თუ დამატებით ფიზიკურ ძალისხმევას. აბულზე სრულყოფილი ასვლის შესაგრძნობად ნამდვილად ღირს ამ მწვერვალების დაპყრობაც.
ამ მომენტში თქვენ უკვე უბრალოდ კი არ ავდიხართ მთაზე, არამედ გადადიხართ ერთი სიმაღლიდან მეორეზე, მუდმივად ცვალებადი ხედების ფონზე. თითოეული ახალი მწვერვალი თითქოს ჯავახეთისკენ მიმავალ ახალ ფანჯარას ახელს.
აბულის მთის კიდევ ერთი თავისებურება მისი ცვალებადი, სიურპრიზებით სავსე ამინდია.
სანამ მწვერვალზე ვიყავით, ამინდი მკვეთრად შეიცვალა. მზიანი დღე წვიმამ შეცვალა, უკან დაბრუნებისას კი თან გაგვყვა ნამდვილი მთის ატმოსფერო — ჭექა-ქუხილითა და კოკისპირული წვიმით. მიუხედავად იმისა, რომ ამან მცირედი დისკომფორტი შექმნა, ჩვენი თავგადასავალი უფრო საინტერესო და დაუვიწყარი გახადა.
წვიმის შემდეგ გამოსულმა მზემ უდიდესი სიხარული და ბავშვური აღფრთოვანება მოგვანიჭა. მზით გამბზნარ, გამშრალ ქვებზე ჩამოვსხედით, დავისვენეთ და წასახემსებლით ისიამოვნეთ. იმ მომენტში დაღლილობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა — დარჩა მხოლოდ სიხარული, მეგობრებთან ერთად გატარებული დღე და განცდა იმისა, რომ დასახულ მიზანს ერთად მივაღწიეთ.
და აი, ახალი მოგონებებისა და შთაბეჭდილებების უზარმაზარი თაიგულით ხელდამშვენებულნი, დავბრუნდით ქალაქში, რათა ახალი ენერგიით განვაგრძოთ ყოველდღიური ცხოვრება, შევუდგეთ საქმიანობას და დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს.
თუ გადაწყვეტთ მაღალ მთაზე — აბულზე ასვლას, ჩვენს გამოცდილებასა და დაკვირვებებზე დაყრდნობით, მომავალ ტურისტებს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გავუზიარებთ.
აუცილებლად უნდა იქონიოთ:
- მოსახერხებელი და გამძლე საფეხმავლო (სალაშქრო) ფეხსაცმელი, რომელიც კლდოვან ბილიკებზე ფეხს კარგად აფიქსირებს;
- მეორე წყვილი ფეხსაცმელი — განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველი წყვილი წყალგაუმტარი არ არის;
- ქოლგა;
- საწვიმარი/დამატებითი თბილი ტანსაცმელი;
- და, რა თქმა უნდა, საკმარისი რაოდენობის წყალი და მთის პირობებისთვის საჭირო ნივთები.
თუმცა, ჩვენი საუკეთესო რჩევა ის არის, რომ თუ თქვენც ოცნებობთ აბულის მწვერვალის დაპყრობაზე, სიამოვნებით გაგიწევთ კომპანიონობასა და მეგზურობას ამ ოცნების ასრულების გზაზე. როცა გვერდით კარგი ადამიანები გყავს, რთული გზა ისტორიად იქცევა, ხოლო დაღლილობა – სასიამოვნო მოგონებად.
Jnews აგრძელებს ჯავახეთის აღმოჩენის გზას.
ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ვილაპარაკოთ ჯავახეთზე, არამედ ვაჩვენოთ იგი მთელი თავისი მშვენიერებით – მთებით, სოფლებით, ბუნებით, ისტორიით, ადამიანებითა და ისეთი ადგილებით, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან თავიანთ პირველაღმომჩენს.
აბული ჩვენთვის არ ყოფილა უბრალოდ მორიგი დანიშნულების ადგილი. ეს იყო გზა ჯავახეთის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალამდე, ბუნებამდე, მეგობრობამდე და, რაც ყველაზე მთავარია – იმ ოცნებამდე, რომელიც დიდი ხანია მრავალთა გულში ცოცხლობს.






