უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების შეზღუდვების გათვალისწინებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, მობილობის (სხვა უნივერსიტეტში გადასვლის) უფლება ეძლევათ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
ცვლილებების თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა ის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტთა რაოდენობა, რომელთა მიღების უფლებაც სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ.
შესაბამისად, სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი შეჩერებული აქვთ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით ეუბნებიან უარს სტატუსის აღდგენაზე, 2026-2027 სასწავლო წელს ეძლევათ გადასვლის (მობილობის) უფლება. ისინი შეძლებენ სწავლის გაგრძელებას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლების პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.
„მობილობის უფლების მისაღებად სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განცხადების საფუძველზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს სტუდენტის მონაწილეობას მობილობის პროცესში დადგენილი წესებისა და ვადების შესაბამისად.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 24 აგვისტოს და გაგრძელდება 8 სექტემბრის 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონული ფოსტით: info@emis.ge“, — ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გავრცელებულ ინფორმაციაში.