ჯივანის სახლ-მუზეუმი კარწახის გულში, თუმცა გზის გამო იზოლირებული (ფოტო)

ჯივანის სახლ-მუზეუმი კარწახის გულში, თუმცა გზის გამო იზოლირებული (ფოტო)

აშუღ ჯივანის სახელი ჯავახეთისთვის უბრალოდ დიდი ხელოვნებათმცოდნის სახელი არ არის. ეს არის მთელი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც კარწახში ჩაისახა და მთელ მსოფლიოს მოედო. თუმცა დღეს სახლ-მუზეუმი, რომელიც დიდი აშუღის მშობლიურ მხარეში ფუნქციონირებს, წააწყდა პრობლემას, რომელიც პირველი შეხედვით შეიძლება უბრალოდ გზის პრობლემად გამოჩნდეს, სინამდვილეში კი საფრთხეს უქმნის ამ მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის სიცოცხლისუნარიანობას — ეს არის დამთვალიერებელთა მწვავე ნაკლებობა.

აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმი სოფელ კარწახში უკვე ათ წელზე მეტია, რაც ვიზიტორებისთვის კარს აღებს. იგი ფონდ „ჯავახეთის მხარდაჭერის“ (JSF) ინიციატივით შეიქმნა, რომლის მიზანიც დიდი აშუღის ხსოვნის შენარჩუნება, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოჩენა და კარწახის ჯივანის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მნიშვნელოვან კერად ქცევა იყო. მუზეუმის გახსნა 2016 წლის 27 აგვისტოს შედგა.

jiv3

თუმცა დღეს ეს კულტურული კერა, რომლის შექმნაშიც წლების განმავლობაში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო, ვიზიტორთა ნაკადის შემცირებას განიცდის.

აშუღი ჯივანი, სერობ სტეფანეს ძე ლევონიანი, 1846 წელს ჯავახეთის სოფელ კარწახში დაიბადა. იგი ადრეული ასაკიდანვე ეზიარა აშუღურ ხელოვნებას. რვა წლისას მამა გარდაეცვალა და ბიძის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოგვიანებით იგი ცნობილ აშუღ გარა-გაზარ – სიისთან სწავლობდა, ვისგანაც აშუღური ხელოვნების წესები, ქამანჩასა და ვიოლინოზე დაკვრა შეითვისა.

ახალგაზრდობის წლებში ჯივანის გზა კარწახიდან თბილისზე, შემდეგ კი ალექსანდროპოლზე გავიდა. 1868 წლიდან 1895 წლამდე იგი ალექსანდროპოლში ცხოვრობდა და საქალაქო აშუღების ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. მოგვიანებით, თბილისში გადასვლის შემდეგ, მან თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა განაგრძო.

ჯივანის ხელოვნების ძალა მხოლოდ მუსიკაში არ მდგომარეობდა. მისი სიმღერები სამშობლოზე, ადამიანზე, სამართლიანობაზე, სიყვარულზე, სიკეთესა და სოციალურ პრობლემებზე მოგვითხრობდა. მისი ნაწარმოებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი გახდა, რომელიც სომეხ ხალხს თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

სწორედ ეს არის მისი სახლ-მუზეუმი ჯივანის მშობლიურ მხარეში არა უბრალოდ საგამოფენო დარბაზი, არამედ მეხსიერების სახლი.

მუზეუმი ჯივანის მამის სახლის ბაზაზე შეიქმნა. ჯივანის მამისეული სახლის მუზეუმად გადასაკეთებლად ფინანსური შესაწირი კარწახის მკვიდრმა, სპარტაკ ბანგოიანმა გაიღო. პროექტირება კი არქიტექტორ ოჰანეს მუტაფიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

jiv4

მუზეუმში ინახება ჯივანის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი მასალა. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია 100-მდე ექსპონატი: ხელნაწერები, ფოტოსურათები, წიგნები, სტატიები, სიმღერებისა და ზღაპრების გამოცემები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ფასეული ნივთები. ცალკეულ განყოფილებებში ასახულია ჯივანის ბავშვობა, მისი ოჯახი, ალექსანდროპოლსა და ტიფლისში გატარებული წლები, მისი შთამომავლები და მისი ნაწარმოებების შემსრულებლები.

jiv5

„მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი მემორიალური განყოფილებაა, სადაც შენარჩუნებულია XIX-XX საუკუნეების რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული საცხოვრებლის ნიშნები. მას ავსებს კარწახსა და მეზობელ სოფლებში შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიზიტორი აქ უბრალოდ კი არ ისმენს ინფორამციას ჯივანის შესახებ, არამედ ეძლევა შესაძლებლობა, წარმოიდგინოს ის გარემო, რომელშიც მომავალი აშუღი გაიზარდა.

თუმცა, ამ ყველაფრის სანახავად, ჯერ კარწახამდე მიღწევაა საჭირო. სწორედ აქ იმალება მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა.

ახალქალაქიდან კარწახისკენ მიმავალი გზის ამჟამინდელი მდგომარეობა აფერხებს ვიზიტებს როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის. კარწახი, ამასთანავე, მოშორებულია ძირითად ტურისტულ მარშრუტებს, რის გამოც სოფლის ჩართვა არსებულ ტურისტულ პროგრამებში მარტივი არ არის.

მუზეუმის დირექტორი, ასმიკ საგათელიანი JNEWS-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, წელს კი გზების მდგომარეობამ სერიოზულად იმოქმედა დასწრებადობაზე:

„გასულ წელს მუზეუმში საკმაოდ ბევრი ვიზიტორი გვყავდა, თუმცა წელს გზები გადათხარეს/აფეთქეს და ასე მიატოვეს, რის გამოც ჩვენს მუზეუმში დამთვალიერებელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. რუსეთიდან ჩამოსული მრავალი ჩვენი თანამემამულე გვირეკავდა და მუზეუმის სტუმრობის სურვილს გამოთქვამდა, თუმცა გზების მდგომარეობის შეტყობის შემდეგ აღარ ჩამოვიდნენ.

jiv1

ადამიანებს ჩამოსვლა სურთ. მათ აინტერესებთ ჯივანი. დიასპორაში მცხოვრებ თანამემამულეებს სურთ ნახონ სახლი, სადაც დიდი აშუღი დაიბადა. თუმცა გზა ხდება ის უკანასკნელი დაბრკოლება, რაც მათ აჩერებს.

jiv6

კარწახის მოწესრიგებული გზა მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, რომელიც სოფლის მცხოვრებთა ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებს. იგი შეიძლება კულტურულ მარშრუტად იქცეს. კარგი გზის პირობებში, კარწახის ჩართვა ჯავახეთის ტურისტულ მარშრუტებში — ახალქალაქსა და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად -გაცილებით მარტივი გახდება.

ასეთ შემთხვევაში, ჯივანის სახლ-მუზეუმის სტუმრობა არა ცალკეულ დანიშნულების ადგილად, არამედ სრულფასოვანი ტურისტული პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. მუზეუმს კი ამისთვის ყველა საჭირო პოტენციალი გააჩნია.

jiv7

მრავალი წლის წინ სახლ-მუზეუმმა უკვე შეძლო კარწახის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება. ყოველ წელს კარწახში დიდი მასშტაბით აღინიშნება აშუღ ჯივანის დღე. ეს წელი განსაკუთრებულია ჯივანის მშობლიური მხარისთვის: აღინიშნება დიდი აშუღის დაბადებიდან 180 წლის იუბილე.

ასმიკ საგათელიანის თქმით, ჯივანის დღე კარწახში აუცილებლად აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, იუბილე მაინც შედგება:

„წელს ჯივანის 180 წლისთავია და ღონისძიება აუცილებლად გაიმართება, უბრალოდ თარიღი ჯერ ჯერობით დაზუსტებული არ არის.“

180 წლის იუბილე შეიძლება გახდეს არა მხოლოდ მორიგი ღირშესანიშნავი მოვლენა, არამედ შესაძლებლობა, ხელახლა მიიპყროს ყურადღება კარწახის, ჯივანის სახლ-მუზეუმისა და სოფლისკენ მიმავალი გზის პრობლემამ. არსებობს კულტურული ფასეულობები, რომელთა გადატანა, ციფრულ ფორმატში გადაყვანა ან სხვა ადგილას წარდგენა შესაძლებელია. თუმცა ჯივანის შემთხვევაში არის რაღაც, რისი გამეორებაც სხვაგან შეუძლებელია — ეს არის სახლი, სადაც იგი დაიბადა. სწორედ აქ გაიზარდა ბავშვი, რომელიც მოგვიანებით სომხური აშუღური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი გახდა. აქედან დაიწყო მისი გზა.

jiv3

თითოეული ჯავახისთვის ჯივანი უბრალოდ წარსულის დიდი მოღვაწე კი არ არის, არამედ ჩვენი მიწის ხმა. ამ ხმის შესასმენად კი ზოგჯერ უბრალოდ გზის გახსნაა საკმარისი.

გზისა — კარწახისკენ.

გზისა — ჯივანისკენ.

გზისა — ჩვენი მეხსიერებისკენ.

თეგები: კულტურა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე