საქართველოში 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ოფიციალური სტატუსი 3 032 ქალსა და 573 მამაკაცს მიენიჭა.
„ოჯახში ძალადობის“ მუხლით 1 641 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელთაგან 87,9% გახსნილია.
ძალადობის ფორმებს შორის ლიდერობს „ფსიქოლოგიური ძალადობა“ – 3 599 შემთხვევა. „ფიზიკური ძალადობა“ – 913. რიგ შემთხვევებში ოჯახის წევრები ერთდროულად ძალადობის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი გახდნენ.
საქართველოში ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია და რეგულირდება სსკ-ის 126¹ მუხლითა და კანონით „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ეს ნორმა სასჯელს ითვალისწინებს ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ძალადობისთვის, რამაც გამოიწვია ტკივილი ან ტანჯვა, თუმცა არ მოჰყოლია სერიოზული დაზიანება. სასჯელი: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და/ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით. თუ ძალადობა დადასტურდა ორსული ქალის, არასრულწლოვნის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ – თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.
სერიოზული დაზიანებების ან მკვლელობის შემთხვევაში გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ზოგადი მუხლები, ხოლო ოჯახში ძალადობის ფაქტი დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.