TI – მუნიციპალური დაწესებულებების დირექტორები დეკლარაციებს არ ავსებენ

TI – მუნიციპალური დაწესებულებების დირექტორები დეკლარაციებს არ ავსებენ

სამცხე-ჯავახეთის 11 მუნიციპალური დაწესებულების დირექტორი ქონებრივ დეკლარაციას არ ავსებს — ამის შესახებ კვლევა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მოამზადა. მათ შორის, ვისაც დეკლარაციის შევსება ევალება, მაგრამ არ ავსებს, TI-მ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2 დაწესებულებისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2 დაწესებულების დირექტორებიც გამოყო.

„საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №178 დადგენილების მე-19 და მე-20 მუხლების თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სპორტული საქმიანობისთვის შექმნილი ა(ა)იპ-ებისა) დაფინანსება ბიუჯეტიდან წინა წელს 100 000 ლარს აღემატება, ხოლო თუ მუნიციპალიტეტი ფლობს მუნიციპალური შპს-ს აქციების ან წილის 100 პროცენტს და მისი დაფინანსება ან/და საერთო შემოსავალი წინა წელს 100 000 ლარს აღემატება, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

2024 და 2025 წლების ბიუჯეტების მიხედვით, ჩვენ მიერ წარმოდგენილი ა(ა)იპ-ების დირექტორებს ქონებრივი დეკლარაციები 2025 და 2026 წლებში უნდა შეევსოთ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს“, — ნათქვამია TI-ს ანგარიშში.

TI-ს ანგარიშში ორივე მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და დასუფთავების ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოხვდნენ.

ასე წერს TI:

„მხითარ რსტაკიანი 2022 წლიდან ა(ა)იპ „ახალქალაქის სერვის-ცენტრის“ დირექტორია. საერთო ჯამში, ამ ორგანიზაციამ ოთხი სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში 2024 წელს — 1 177 100 ლარი, 2025 წელს — 1 560 400 ლარი, ხოლო 2026 წელს — 1 675 400 ლარი მიიღო. თუმცა, მხითარ რსტაკიანს ქონებრივი დეკლარაცია არასოდეს შეუვსია;

სირანუშ ტონაკანიანი 2022 წლიდან ა(ა)იპ „ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორია. ა(ა)იპ-ისთვის ბიუჯეტიდან 2024 წელს — 320 000 ლარი, 2025 წელს — 377 000 ლარი, ხოლო 2026 წელს — 410 000 ლარი გამოიყო. თუმცა, სირანუშ ტონაკანიანს ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია;

გაიანე სიმონიანი 2025 წლის მარტიდან ა(ა)იპ „ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის თანამდებობას იკავებს. მანამდე, 2015 წლიდან, ამ თანამდებობაზე ტიგრან ეგოიანი მუშაობდა. ამ ორგანიზაციისთვის ბიუჯეტიდან 2024 წელს — 178 200 ლარი, 2025 წელს — 203 500 ლარი, ხოლო 2026 წელს — 253 800 ლარი გამოიყო, თუმცა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები არც გაიანე სიმონიანს შეუვსია და არც ტიგრან ეგოიანს;

ანდრანიკ ბდოიანი 2023 წლიდან ა(ა)იპ „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობისა და სანიტარიის სამსახურის“ დირექტორია. სამი სხვადასხვა მუხლით ამ ა(ა)იპ-ისთვის 2024 წელს — 628 400 ლარი, 2025 წელს — 768 400 ლარი, ხოლო 2026 წელს — 838 700 ლარი გამოიყო. თუმცა, ანდრანიკ ბდოიანს ქონებრივი დეკლარაცია დღემდე არცერთხელ არ შეუვსია“.

Jnews-თან საუბარში ახალქალაქის სერვის-ცენტრის დირექტორმა, მხითარ რსტაკიანმა განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ როგორც მუნიციპალური დაწესებულების ხელმძღვანელს, დეკლარაციის შევსება ევალებოდა, ხოლო ფიზიკური პირის დეკლარაციის შევსება არ სჭირდებოდა, რადგან ოჯახის შემოსავალი 30 000 ლარს არ აღემატებოდა. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, სირანუშ ტონაკანიანმაც Jnews-თან საუბარში აღნიშნა, რომ მისმა მეუღლემ ფიზიკური პირის დეკლარაცია მთელ ოჯახზე შეავსო და მან არ იცოდა, რომ როგორც მუნიციპალური დაწესებულების ხელმძღვანელს, ცალკე დეკლარაცია უნდა შეევსო.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე