15 ნოემბერს ხორვატიის ქალაქ პორეჩში 23-წლამდელ მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. საქართველო ტურნირზე ათი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ახალქალაქელი მოკრივე გორ აივაზიანიც ასპარეზობს.
16 ნოემბერს გორ აივაზიანმა ჩემპიონატზე თავისი პირველი ბრძოლა გამართა, რომელშიც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ბელარუსი მოკრივე დმიტრი დვარნიჩენკო დაამარცხა. ამ გამარჯვების წყალობით გორი შეჯიბრის 1/8 ფინალში გავიდა.
სპორტსმენი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მომდევნო ბრძოლას გორ აივაზიანი 18 ნოემბერს ხორვატი მოკრივის წინააღმდეგ გამართავს.
გორის მწვრთნელი გაგიკ ელიზბარიანია. იგი ადგილობრივი კრივის სკოლის აღზრდილია და ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს.
მწვრთნელისა და ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორის, ატომ ელიზბარიანის თქმით, გორთან დიდი იმედებია დაკავშირებული. გუნდში ვარაუდობენ, რომ სპორტსმენი ჩემპიონატზე მაღალი შედეგების მიღწევას შეძლებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ის მაღალ ჯილდოს მოიპოვებს. ის ძლიერი სპორტსმენია, კარგად არის მომზადებული. იმედი გვაქვს, კარგი შედეგებით დაბრუნდება“, — აღნიშნა ატომ ელიზბარიანმა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალი 24 ნოემბერს გაიმართება.
გორ აივაზიანი იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. იგი ასევე არის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი კრივში და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი 22-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში.
საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინავაა.