მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამა ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის უფასო გამოკვლევას ითვალისწინებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მშობლები ამ შესაძლებლობით თითქმის არ სარგებლობენ. ყოველთვიურად რაიონული საავადმყოფო 5-დან 7 წლამდე ასაკის 200-დან 300-მდე ბავშვის სიას იღებს, თუმცა გამოკვლევას მხოლოდ რამდენიმე გადის. ივლისში ტესტირება სულ ოთხმა ბავშვმა გაიარა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაისიდან ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის უფასო გამოკვლევა ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა უფასოა და პროფილაქტიკურ ხასიათს ატარებს, მშობლებს ბავშვები ტესტირებაზე ძალიან იშვიათად მიჰყავთ.
გამოკვლევა 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ტარდება. როგორც ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს პედიატრი მარიანა ჰამბარძუმიანი აღნიშნავს, გამოკვლევას დაქვემდებარებული ბავშვების სიას ყოველთვიურად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგზავნის. თითოეულ სიაში, როგორც წესი, 200–300 ბავშვია შეყვანილი, თუმცა გამოკვლევას მხოლოდ რამდენიმე გადის.
მაგალითად, ივლისში სულ ოთხი ბავშვი გამოიკვლიეს. ყველაზე მეტი ბავშვი მაისში შემოწმდა -ცხრა სული.
„არ ვიცი რატომ, მაგრამ მშობლებს ეშინიათ. რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ გამოკვლევის მნიშვნელობისა და უსაფრთხოების განმარტებას, ისინი მაინც არ მოდიან. ფიქრობენ, რომ რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებთ. მოვუწოდებ ყველა მშობელს, მოიყვანონ ბავშვები გამოკვლევაზე. მომავალში ეს შესაძლოა ფასიანი და სავალდებულო გახდეს“, -ამბობს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს პედიატრი მარიანა ჰამბარძუმიანი.
პედიატრის თქმით, მუნიციპალიტეტში გამოკვლეული ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა არ გამოვლენილა.
გამოკვლევა უფასოდ ტარდება და სახელმწიფო პროფილაქტიკური პროგრამის ნაწილია. მისი მიზანია ბავშვის ორგანიზმზე ტყვიის შესაძლო ზემოქმედების დროული გამოვლენა.
ტყვია ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ბავშვები, ვიდრე მათი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.
ტყვიის ზემოქმედება შეიძლება უკავშირდებოდეს განვითარებისა და ქცევის დარღვევებს, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობასა და სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაღალი დონის ზემოქმედებისას შესაძლებელია მძიმე შედეგები ნერვულ სისტემაზე, მათ შორის გულყრა, კომა, ხოლო უკიდურესად მძიმე შემთხვევებში – სიკვდილიც. მოზრდილებში ტყვიის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და რეპროდუქციულ სისტემებზე, ასევე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებაზე.
ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, არ გადადონ გამოკვლევა და გამოიყენონ შანსი, უფასოდ შეამოწმონ შვილების სისხლში ტყვიის შემცველობა. ტყვიის მაღალი დონის დროული გამოვლენა იძლევა შესაძლებლობას, გატარდეს აუცილებელი ზომები და შემცირდეს მისი ზემოქმედება ბავშვის ორგანიზმზე.