არსებული უხერხულობების მიუხედავად, დღეს ბაკურიანში დამსვენებლების ნაკლებობა ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკა ორჯონიკიძემ Business Press News-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი სასტუმრო კომპლექსები ძირითადად სრულად დაჯავშნილი ან დაკავებულია, ვიზიტორთა ნაკადი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
ეკა ორჯონიკიძის თქმით, დამსვენებლებს შორის ჭარბობენ საქართველოს მოქალაქეები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, ხოლო დასავლეთ ევროპელი ტურისტების წილი შედარებით მცირეა.
„რაც შეეხება ვიზიტორებს, შემიძლია ვთქვა, რომ წინა წლებში დამსვენებელი მეტი იყო. თუმცა, თუ მსხვილ სასტუმროებზე ვისაუბრებთ, ახლაც კი, ყველა ნომერი დაჯავშნილი ან დაკავებულია. ამ კუთხით თუ შევხედავთ, არსებული უხერხულობების მიუხედავად, ბაკურიანს დღეს დამსვენებლების ნაკლებობა ნამდვილად არ აქვს.
ჩვენს ცენტრალურ პარკში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ყოველთვის ხალხმრავლობაა. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარე სეზონზე სტუმრობა ზომიერია.
რაც შეეხება სეგმენტს, რა თქმა უნდა, ჭარბობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები. ასევე, ჩემი დაკვირვებით, ძირითადად ჩამოდიან სტუმრები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ევროპის სხვა ქვეყნებიდან, შეიძლება ითქვას, შედარებით ცოტა სტუმარი გვყავს.
როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გზა ჩაკეტილი, გადაკეტილი და მტვრიანი იყო, ამან, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს რომ ვხვდები, ისინიც ჩივიან, რომ ამ პროექტმა მათზე იმოქმედა. მხედველობაში მაქვს მცირე სასტუმროები.
მსხვილი სასტუმროები, რომლებსაც საკუთარი სპა-ცენტრები და შიდა ინფრასტრუქტურა აქვთ, ამ კრიზისით ნაკლებად დაზარალდნენ. თუმცა მცირე სასტუმროებზე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში განხორციელებულმა მასშტაბურმა პროექტებმა ცუდად იმოქმედა. მაგრამ ამ სამუშაოების ჩატარებაც აუცილებელი იყო“, — განუცხადა ეკა ორჯონიკიძემ BusinessPressNews-ს.