მოსავალი რაოდენობრივად შარშანდელთან შედარებით უკეთესია“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ განაცხადა.
მისივე თქმით, წელს საქართველოში 50 000-მდე ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან.
„მოსავალი რაოდენობრივად შარშანდელთან შედარებით უკეთესია. რეგიონების უმეტესობაში ასეთი ვითარებაა. ზოგიერთ მაღალმთიან ზონაში ქარი იყო, თხილი ჩამოყარა და შესაბამისად, შედარებით ნაკლები მოსავალია.
ფაროსანას პრობლემა ბაზარზე კვლავ აქტუალურია, არის პლანტაციებში და ზიანს აყენებს თხილს. შესაბამისად, ჩემი რჩევა და რეკომენდაცია ფერმერების მიმართ იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოკრიფონ თხილი, მექანიკურად დაამუშაონ საშრობებში თუ საწყობებში და დაასაწყობონ შესაბამის, კარგ პირობებში.
საოჯახო პირობებში შენახვა თვეების მიხედვით, თხილის ხარისხს რადიკალურად გააუარესებს.
ვფიქრობთ, რომ შარშანდელთან შედარებით მოსავალი დაახლოებით, 5%-ით მეტი მაინც იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ამინდები იქნება აგვისტოში და როგორ შეძლებენ ფერმერები მოსავლის ბაღებიდან გამოტანას.
თუმცა, არსებული მონაცემებით, უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. გასულ წელს 45 000 ტონა თხილი იყო, წელს კი სადღაც 47–48 000 ტონა, შეიძლება 50 000 ტონაც კი ავიღოთ.
პირველი რჩევა მათთვის, ვისაც თხილის შენახვის საშუალება არ აქვს და ვერ ახერხებს პროდუქციის საწყობში ისე დაბინავებას, რომ ხარისხი არ გაფუჭდეს, არის ის, რომ დროულად გაყიდონ.
ეს ფასზე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ, პროდუქცია გაფუჭდება, რაც საბოლოო ჯამში, ფერმერის ჯიბიდან დაწყებული, ქვეყნის პოზიციით დამთავრებული, ყველაფერზე ცუდად მოქმედებს“, – განაცხადა მერაბ ჭითანავამ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სექტორში არსებულ გამოწვევებზე და განაცხადა, რომ დარგის უმთავრესი პრობლემა თხილის უეცარი ხმობაა, რაც ყოველწლიურად მწვავდება.
„დღეის მდგომარეობით, პირველ ადგილზე მაინც თხილის უეცარი ხმობის პრობლემაა, რომელიც გრძელდება და ყოველწლიურად ძლიერდება. ბაქტერიული დაავადების გამო, ძალიან დიდი რაოდენობით ბაღები უბრალოდ ნადგურდება.
ფაროსანა, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად, თუმცა მართვადია – ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ და ეს ფერმერების ნებასა და ჩართულობაზეა დამოკიდებული.
დანარჩენი უკვე ინდუსტრიული ტიპის გამოწვევებია – საბრუნავი კაპიტალის ღირებულება თუ ხელმისაწვდომობა, თხილის ქარხნების სარჩევი აპარატურით მოდიფიცირება, თანამედროვე მოდელის ფორმირება და სერტიფიცირება, ასევე წვრილი საამქროების შეზღუდვა და მათზე ხარისხის კონტროლის დაწესება.
ასეთი გამოწვევები გვაქვს, თუმცა პირველი ორი დასახელებული საკითხი არის ფუნდამენტური პრობლემა, რაც ჩვენი სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ მოსაგვარებელია“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მერაბ ჭითანავამ.