ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა უცხო სუნელი, შესაძლოა, ამერიკულ ბაზარზე გავიდეს. ცნობილი ამერიკული კომპანიის, „Burlap & Barrel“-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც აშშ-ში სანელებლები მთელი მსოფლიოდან შეაქვს, რეგიონს პირადად ეწვია, რათა კულტურის მოყვანის პირობებს გაცნობოდა და პროდუქციის დიდი პარტიებით შესყიდვის შესაძლებლობა განეხილა.

ერთი კვირის წინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ესტუმრა ორი ზოჰარი — თანადამფუძნებელი ცნობილი ამერიკული კომპანიისა „Burlap & Barrel“, რომელიც პირდაპირ ახორციელებს სანელებლების იმპორტსა და რეალიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ვიზიტის მიზანი ეკოლოგიურად სუფთა უცხო სუნელის მოყვანის პირობების გაცნობა და პროდუქციის დიდი პარტიებით შესყიდვის პერსპექტივების შეფასება იყო.

სოფელ აღანაში მცხოვრები არშალუის გალსტიანი რეგიონში ერთადერთი ფერმერია, რომელსაც უცხო სუნელი არა მხოლოდ მოჰყავს, არამედ საზღვარგარეთაც გამოაქვს ექსპორტზე. რამდენიმე წელიწადში მან ამ კულტურის მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქცია. თუმცა, მისი თქმით, შემდგომ განვითარებას გასაღების ბაზრის შეზღუდულობა აფერხებს.

ფერმერი აღნიშნავს, რომ წელს ხელსაყრელი ამინდები იყო, რის გამოც კარგ მოსავალს ელოდება. იგი დიდ იმედებს ამყარებს ამერიკული კომპანიის წარმომადგენლის ვიზიტზეც, ვინაიდან რეალიზაციის პრობლემა დგას.

„ისინი ჩამოვიდნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ და დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს ნამდვილად ნატურალური პროდუქტია. ძალიან მოეწონათ მცენარის ფერი, არომატი და ხარისხი, მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი, რომელიც მათ ვუჩვენე, შორს იყო საუკეთესოსგან. ადრე ამ კომპანიასთან შუამავლის მეშვეობით ვთანამშრომლობდი, თუმცა ახლა მათ პირადად გადაწყვიტეს დარწმუნება იმაში, რომ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა, ალპურ მინდვრებზე მოჰყავთ და ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე. ისინი დაგვპირდნენ, რომ მოსავლის აღების დროს კიდევ ერთხელ ჩამოვლენ“, – აღნიშნა არშალუის გალსტიანმა.

ფერმერის თქმით, უცხო სუნელის მოყვანისა და აღების მთელი პროცესი ხელით ხორციელდება, ტექნიკის გამოყენების გარეშე, ვინაიდან მცენარეები ერთდროულად არ მწიფდება.

ნაკვეთების დათვალიერების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, პროდუქცია დიდი პარტიებით შეისყიდონ.

„საუბარია რამდენიმე ათეულ ტონაზე. საბოლოო ფასზე ჯერ არ გვისაუბრია. ისინი ფასსა და რაოდენობას, სავარაუდოდ, ერთ თვეში გვეტყვიან. მოთხოვნა წელიწადში 50 ტონაა, თუმცა მე ჯერჯერობით ამ მოცულობის მოსავალს არ ვაწარმოებ“, — ამბობს ფერმერი.

ამჟამად არშალუის გალსტიანი წელიწადში დაახლოებით ერთ ტონა უცხო სუნელს ყიდის.

წელს მან ამ კულტურით 10 ჰექტარი დათესა. ნიადაგის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად და მაღალი მოსავლის მისაღებად, ფერმერი ყოველწლიურად ცვლის სათეს ფართობებს.

arshalus suneli

ამერიკელ სტუმრებს არშალუის გალსტიანმა სოფელ კიროვაკანში 1,5 ჰექტარი ფართობის ნაკვეთი უჩვენა, სადაც უცხო სუნელი მოჰყავს. უკვე მეორე წელია, რაც მას ეს კულტურა სოფლის მინდვრებში თესავს. ფერმერის თქმით, შარშან საშუალო მოსავალი იყო, წელს კი, ხელსაყრელი ამინდების წყალობით, კარგი მოსავლის აღებას გეგმავს.

ერთი ჰექტრიდან მას დაახლოებით ორი ტონა უცხო სუნელი მოჰყავს. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ მცირე საკარმიდამო ნაკვეთებზე მოყვანისას, მოსავლიანობამ შესაძლოა ერთ მეასედზე (სოტკაზე) 30–40 კილოგრამს მიაღწიოს.

უცხო სუნელის ფასი მოსავლიანობასა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ორი წლის წინ ერთი კილოგრამი დაახლოებით 10 დოლარი ღირდა, თუმცა შემდეგ ფასი კილოგრამზე 2 დოლარამდე შემცირდა.

არშალუისის თქმით, სუნელი აუმჯობესებს ნიადაგს და კარტოფილის ალტერნატიულ კულტურას წარმოადგენს. სუნელი ნიადაგს იმაზე უკეთ ამდიდრებს და აჯანსაღებს, ვიდრე ბარდა.

suneli1