ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, „შუა დერეფნის“ მზარდმა მნიშვნელობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ქვეყნის მიმზიდველობას მხოლოდ განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა არ განსაზღვრავს – მნიშვნელოვანი ფაქტორებია ასევე სტაბილურობა, პროგნოზირებადი გარემო და სანდოობა.

„რაც უფრო ეფექტიანად გამოვიყენებთ ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს, მით უფრო მეტად აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა სოხაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სრულად გაიხსნება თბილისი–ბათუმის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. პარალელურად გრძელდება კახეთის მიმართულების პროექტები, იწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც როგორც საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობისთვის, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განტვირთვისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

რევაზ სოხაძის თქმით, ასევე იწყება სარფის გვირაბის პროექტი, აქტიურად მიმდინარეობს კობი–ქვეშეთისა და გველეთი–ლარსის მონაკვეთების მშენებლობა, ხოლო დაწყებულია სამტრედია–ზუგდიდის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის პროექტირება. უახლოეს პერიოდში კი ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც დაიწყება.

მინისტრის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დავალებით იწყება სამხრეთის მიმართულებით ახალი მაგისტრალის განვითარების პროექტიც, რომელიც მარნეულს ახალციხესთან დააკავშირებს. პირველ ეტაპზე პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტი პროცესია. თანამედროვე და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და რეგიონული ფუნქციის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“, – განაცხადა სოხაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანი მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა არ არის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართული სამშენებლო კომპანიების გაძლიერებაც, რათა მომავალში მათ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია შეძლონ.

„შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში გამოწვევა კომპეტენციის ნაკლებობაც იყოს, თუმცა თამაშის წესებს სახელმწიფო ადგენს. როდესაც ხარისხის მიმართ ჩვენი მოთხოვნები ყველასთვის მკაფიო და უცვლელი იქნება, კომპანიებიც ამ სტანდარტების შესაბამისად იმოქმედებენ. მიხარია, თუ ამ პროცესში ქართული კომპანიები სწრაფად გაძლიერდებიან“, – აღნიშნა მინისტრმა.