ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანში ადგილობრივები სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობაზე, ზოგიერთი ობიექტის რეაბილიტაციის აუცილებლობასა და, რაც მთავარია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის სირთულეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ოჯახების უმრავლესობის კეთილდღეობა სწორედ მოწეული მოსავლის გაყიდვის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
სოფელი ვარევანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი კათოლიკური სოფელია, რომელიც ახალქალაქიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის ტიპური სოფელი თავისი ყოველდღიური საზრუნავითა და პრობლემებით.
საუბრისას ბევრი ადგილობრივი არ ჩქარობდა პრობლემებზე ლაპარაკს. ზოგიერთი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ სოფელში არანაირი გასაჭირი არ არის. თუმცა, დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ პრობლემები არსებობს — უბრალოდ, ნაწილს სოფლის მცხოვრებლები უკვე შეეგუვნენ და მოთმინებით ეკიდებიან, ნაწილს კი იმდენად მასშტაბურად მიიჩნევენ, რომ მათზე საუბარს აზრსაც ვერ ხედავენ.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ვარევანის მთავარი სატკივარი სასმელი და სარწყავი წყალია. სოფელში ცოტა ხნის წინ ახალი წყალსადენი ხაზი გაიყვანეს, თუმცა წყალი ყველა ოჯახამდე მაინც არ მიდის.
„პრობლემა გვაქვს როგორც სასმელ, ისე სარწყავ წყალთან დაკავშირებით. მცხოვრებლები ერთმანეთში ვერ რიგდებიან: ზოგი წყალს მთელი დღით უშვებს, სხვებს კი საერთოდ აღარ ჰყოფნით. წყალი მორიგეობით რომ გადაგვენაწილებინა, ყველას ეყოფოდა, მაგრამ ხალხი ან ვერ რიგდება, ან არ უნდა შეთანხმება“, — ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.
მეორე რესპონდენტი კი მიიჩნევს, რომ მიზეზი მხოლოდ შეუთანხმებლობა არ არის და პრობლემა ახალი წყალსადენი ქსელის ტექნიკურ ხარვეზებშიც უნდა ვეძებოთ.
„წყალსადენისთვის მცირე დიამეტრის მილები გამოიყენეს. ამის გამო წყალს არ აქვს საკმარისი წნევა და ყველა სახლამდე ვერ აღწევს“, — აღნიშნავს ის.
ამასთანავე, ადგილობრივები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სოფლისთვის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოწეული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა იქნებოდა.
„სახელმწიფო რომ ყიდულობდეს ჩვენს პროდუქციას — კარტოფილს, ქერს, ხორბალს — ეს ჩვენთვის უდიდესი შვება იქნებოდა. მოსავლის მოსაყვანად ფულსა და ენერგიას ვხარჯავთ, მაგრამ მერე მის გაყიდვას ვეღარ ვახერხებთ“, — ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.

varevan1
სოფლის მაცხოვრებლები ასევე აღნიშნავენ სკოლის კეთილმოწყობის აუცილებლობას, სოფლის კულტურის სახლის უხარისხო რემონტსა და სხვა არაერთ მოსაგვარებელ საკითხს. თუმცა, თითქმის ყველა რესპონდენტი თანხმდება იმაზე, რომ მთავარ პრობლემად მაინც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის სტაბილური ბაზრის არარსებობა რჩება.
სოფლის მკვიდრი, სასუნ აბაჯიანი მიიჩნევს, რომ ვარევანი ნელ-ნელა კეთილმოეწყობა, თუმცა ეს საკმარისი არ არის, თუ ოჯახებს ღირსეული შემოსავლის წყარო არ ექნებათ.
„სოფლის უმთავრესი პრობლემა პროდუქციის რეალიზაციაა. წელს კარტოფილი ორ ჰექტარზე დავთესე. ჯერ არ ვიცი, როგორი მოსავალი იქნება — ბევრი რამ ამინდზეა დამოკიდებული. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მისი გაყიდვა შევძლოთ. თითოეული ოჯახის კეთილდღეობა მის შემოსავალზეა დამოკიდებული, ხოლო სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობის შემოსავალი სწორედ მოსავალი და მისი რეალიზაციის შესაძლებლობაა“, — ამბობს სასუნ აბაჯიანი.
მოსავალზე საუბრისას ადგილობრივები ამინდის ჭირვეულობაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რასაც შეუძლია მოსავალზე როგორც დადებითად, ისე უარყოფითად იმოქმედოს. ამინდთან დაკავშირებით ვარევანელებს ერთი ძველი ლეგენდაც კი აქვთ. ჰარუთიუნ აზარიანის თქმით, ძველ დროში, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არ წვიმდა, მთელი სოფელი ეკლესიიდან ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკებას ასვენებდა და მასთან ერთად სოფელს შემოუვლიდა ხოლმე. ამის შემდეგ, როგორც ძველები ჰყვებიან, ყოველთვის წვიმა იწყებოდა.
„არ ვიცი, სიმართლეა თუ უბრალოდ ლეგენდა, მაგრამ ჩვენი პაპები ასე გვიყვებოდნენ. ამბობენ, ერთხელ მეზობელი სოფლის, ალასტანის მცხოვრებლებმა ღამით ქანდაკება მოიპარეს და თავისთან წაიღეს. თუმცა დილით ის საკუთარ ეკლესიაში აღარ დახვდათ. ძებნა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ ქანდაკება ისევ ვარევანის ტაძარში იყო დაბრუნებული. თუ როგორ დაბრუნდა ის იქ, ვერავინ ახსნა“, — ყვება ჰარუთიუნ აზარიანი.
ეს ლამაზი ლეგენდაა, რომელსაც სოფელში თაობიდან თაობას გადასცემენ. თუმცა დღეს ვარევანის მცხოვრებლები სასწაულის იმედად აღარ არიან — ისინი ყოველდღიური პრობლემების რეალურ გადაჭრას, წყლით უზრუნველყოფასა და იმ პირობების შექმნას ელიან, რომლითაც მოწეული მოსავლის სარფიანად რეალიზებას შეძლებენ.

varevan2