ახალქალაქის მე-3 ქუჩის მაცხოვრებლები უკვე მრავალი წელია ისეთ პირობებში ცხოვრობენ, რომელთა თავსებადობაც XXI საუკუნის საქალაქო ცხოვრებასთან საკმაოდ რთულია. ქუჩაში დღემდე არ არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა: საკანალიზაციო სისტემა, ცენტრალიზებული წყალმომარაგება, ასფალტირებული გზა და გარე განათება.
მოსახლეობის თქმით, წვიმების დროს ქუჩა ტალახის მასად იქცევა, ხოლო ღამის საათებში განათების არარსებობა არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებსაც ქმნის.
„ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი ფეხსაცმელი ხელში ამიღია, ტალახში სხვა ფეხსაცმლით გამივლია და მერე გადამიცვამს“, — ჰყვება მე-3 ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ არაერთხელ მიმართეს ახალქალაქის მერიას თხოვნით, რომ მათი ქუჩა კეთილმოწყობის პროგრამებში ჩაესვათ, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
„8 წელია ამ ქუჩაზე ვცხოვრობ, მერიაში ათასჯერ დავწერე განცხადება, მაგრამ ყველა მათგანი უყურადღებოდ დატოვეს“, — ამბობს მე-3 ქუჩის მცხოვრები ვაჰან პოღოსიანი.
აქ მცხოვრებლებს თითქმის გადაეწურათ იმედი, რომ მათ მიმართვებს ოდესმე სათანადო ყურადღება მიექცევა და პასუხისმგებელი უწყებები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.
Jnews-ი ადრეც არაერთხელ შეხებია მე-3 ქუჩის პრობლემებს. ამჯერადაც მივმართეთ ახალქალაქის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარეს, მნაცაკან ფამბუხჩიანს. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ საკითხით მოსახლეობამ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ უნდა მიმართოს. თუმცა კითხვაზე — შედის თუ არა ეს ქუჩა მუნიციპალური განვითარების გეგმებში და რა დროშია გათვალისწინებული ამ გეგმების განხორციელება, მნაცაკან ფამბუხჩიანმა გვიპასუხა:
„რა თქმა უნდა, ეს ქუჩა შედის მუნიციპალური განვითარების პროგრამაში, რომლის განხორციელებაც მომავალი 2-3 წლის განმავლობაში იგეგმება“.
იმავე საკითხზე წერილობითი კითხვით მივმართეთ „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასაც“. მათგან პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სოფლებშიც კი უკვე ასფალტირებულია გზები და მოგვარებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის საკითხები, ძნელი დასაჯერებელია, რომ ქალაქ ახალქალაქის გარეუბნის იმ „ახალაშენებულ“ ქუჩაზე, სადაც ბოლო წლებში ახალი სახლები შენდება და მოსახლეობა მკვიდრდება, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც კი არ არსებობს.