უკვე მეორე კვირაა, 1 ივლისიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შინაური ცხოველების შენახვისა და მოვლა-პატრონობის ახალი წესები მოქმედებს. დოკუმენტი არეგულირებს ცხოველთა რეგისტრაციის, იდენტიფიკაციის, მოვლის, მათი პოპულაციის კონტროლის საკითხებს, ასევე განსაზღვრავს მფლობელების მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას დარღვევებზე. თუმცა, ცხოველების რეგისტრაცია და საჭირო პროცედურების გაშვება დღემდე არ დაწყებულა.
წესები საკრებულომ 24 ივნისს დაამტკიცა და ისინი შემუშავებულია საქართველოს კანონის — „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ შესაბამისად. მათი რეალიზაციის პასუხისმგებლობა ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს დაეკისრა.
„ჯერჯერობით დარეგისტრირებული ცხოველები არ გვყავს. სურსათის ეროვნული სააგენტოდან დამირეკეს. ისინი უნდა ჩამოვიდნენ ჩვენთან, აგვიხსნან, საიდან დავიწყოთ და რა არის საჭირო გასაკეთებლად. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ რეგისტრაციის დაწყებას. ჯერ ზუსტად უცნობია, როდის ჩამოვლენ: ახლა რეგიონებში მუშაობენ, ამიტომ ჩამოსვლა გაჭიანურდა. მცხოვრებლებს ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავთ და ეს გასაგებიცაა, რადგან პროცესი რთულია, ჩვენ კი თავად ჯერ ზუსტად არ ვიცით, როგორ დავიწყოთ ის“, — ამბობს სამსახურის უფროსი მნაცაკან პამბუხჩიანი.
ამავდროულად, მოსახლეობა უკვე ინტერესდება, როგორ და ვის უნდა მიმართონ ძაღლების — როგორც შინაური, ისე მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი (მიკედლებული) ცხოველების — დასარეგისტრირებლად.
ახალქალაქის მცხოვრები არპიკი დილიდან ასეირნებს თავის დიდ, ლამაზ ჰასკის. ძაღლი წინ მიიწევს და ყმუილს იწყებს, როდესაც პატრონი ჩვენთან საუბრისას დიდხანს ყოვნდება. იქვე კიდევ ერთი ძაღლი დადის — დაზიანებული თათით. რაზმიკს, როგორც მას ერთ-ერთი მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლები ეძახიან, ერთ დროს მანქანამ გადაუარა და თათი დაუშავდა. მძღოლმა, რომელმაც უპატრონო ძაღლს დაარტყა, როგორც ეს ხშირად ხდება, ცხოველზე არ იზრუნა, მისი პასუხისგებაში მიცემა კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ბედზე, კორპუსის მცხოვრებლები აჭმევენ რაზმიკს და კიდევ ერთ უსახლკარო ძაღლს, რომელმაც ასევე ეზოს შეაფარა თავი.
„ჩვენი ჰასკი 12 წლისაა, აქვს პასპორტი, ჩატარებული აქვს ყველა აცრა. მაგრამ ჩვენი მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებთა მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ ორი უსახლკარო ძაღლია, რომლებსაც ყველა მეზობელი აჭმევს. ისინი უკვე ჩიპირებულები არიან. გვაინტერესებს, თუ მათზე ყველანი ერთად ვზრუნავთ, კონკრეტულად ვინ უნდა დაარეგისტრიროს ეს ძაღლები? კიდევ ერთი კითხვა: თუ ცხოველს უკვე აქვს პასპორტი, საჭიროა თუ არა დამატებითი რეგისტრაციის გავლა? ასევე გვსურს ვიცოდეთ, კონკრეტულად სად არის ძაღლების გასასეირნებელი ადგილები. ახლა სპეციალური მოედნები არ არსებობს და თუ დაჯარიმებას დაიწყებენ, ვერ ვიგებთ, სად არის ნებადართული და სად აკრძალული შინაურ ცხოველებთან ერთად სეირნობა“, — ამბობს ახალქალაქის მცხოვრები არპიკი.
ის დადებითად აფასებს იმას, რომ ადამიანები კანონით უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი თავიანთ ცხოველებზე, რათა ბევრმა არ გადაყაროს ისინი ქუჩაში. თავად მზადაა, სრული პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ძაღლზე, რადგან ცხოველი ოჯახში ნამდვილ წევრად აღიქმება. თუმცა, ის ასევე გამოხატავს მზადყოფნას, აიღოს პასუხისმგებლობა ეზოს უსახლკარო ძაღლებზეც, დაარეგისტრიროს ისინი და გაუფორმოს საბუთები.
შეგახსენებთ, რომ ახალი წესების თანახმად, ყველა შინაური ცხოველი უნდა იყოს რეგისტრირებული ერთიან მონაცემთა ბაზაში, მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე უნდა არსებობდეს ინფორმაცია მფლობელის, ვაქცინაციის, სტერილიზაციისა და სხვა საჭირო პროცედურების შესახებ. მფლობელები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ცხოველთა სათანადო მოვლა, დაიცვან გასეირნების წესები, დროულად ჩაატარონ ვაქცინაცია, შეატყობინონ ცხოველის დაკარგვის ან დაღუპვის შესახებ, ასევე შეასრულონ პოპულაციის კონტროლის მოთხოვნები.
წესები ასევე ითვალისწინებს უსახლკარო ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობის ღონისძიებებს: მათ დაჭერას, რეგისტრაციას, ვაქცინაციას, სტერილიზაციას, ვეტერინარული დახმარების გაწევასა და მფლობელების ძიებას. მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
დარღვევებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები:
ცხოველის რეგისტრაციის არქონის გამო — დაახლოებით 1500 ლარი;
ცხოველის მიტოვებისთვის — 5000 ლარამდე ფიზიკური პირებისთვის და 10 000 ლარამდე იურიდიული პირებისთვის;
შენახვის წესების დარღვევისთვის — დაახლოებით 500 ლარი.
ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობისა და ძაღლების ბრძოლების ორგანიზებისთვის გათვალისწინებულია ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალმა ზომებმა ორ წელიწადში უნდა გადაჭრას უსახლკარო ცხოველების პრობლემა. თუმცა, დეპუტატებმა ეჭვი გამოთქვეს სისტემის სრულფასოვანი ამუშავებისთვის მზადყოფნაში და აღნიშნეს რეალიზაციის მკაფიო მექანიზმების არარსებობა.