ჯავახეთის სოფელ ოლავერდში მოქმედი პატარა საოჯახო სასტუმრო დღეს იქცა ადგილად, სადაც ხშირად ჩერდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურები. ზოგიერთი მათგანი აქ სპეციალურად აბულის მთის დასალაშქრად მოდის, სხვები — ლევანას ტბის სანახავად, ბევრი კი უბრალოდ ამ გზით გადის და სოფელში ღამის გათევას გადაწყვეტს.
პირველი შეხედვით ეს ჩვეულებრივი საოჯახო სასტუმროა, თუმცა რეალურად იგი აჩვენებს, თუ რა დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმს ჯავახეთში.
ბოლო წლებში აქტიური ტურიზმის მიმართ ინტერესი გაიზარდა. მთამსვლელები, ველოსიპედისტები, ბუნების მოყვარულები და მოლაშქრეები ახალ მიმართულებებს ეძებენ, ჯავახეთი კი თავისი ვულკანური მთებით, ტბებით, სუფთა ჰაერითა და ხელუხლებელი ბუნებით შეიძლება გახდეს ზუსტად ერთ-ერთი ასეთი მიმართულება.
თუმცა, მხოლოდ ლამაზი ბუნება საკმარისი არ არის. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საოჯახო სასტუმროს მფლობელთან, ჰოვიკ გილოიანთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პოტენციალი და პრობლემები გვაქვს ტურიზმის განვითარების გზაზე როგორც ოლავერდში, ისე მთელ ჯავახეთში.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთს გამორჩეული ტურისტული პოტენციალი აქვს, სფეროს განვითარების გზაზე ჯერ კიდევ უამრავი დაბრკოლება არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურაა. ოლავერდამდე მიმავალი გზა გასულ წელს აშენდა, რის ფონზეც უკვე ვგრძნობთ ტურისტულ აქტივობას. მანამდე კი, როდესაც რამდენიმე უცხოელი სტუმარი გვყავდა, ონლაინ პლატფორმაზე სასტუმროს შესახებ შეფასების დაწერისას აუცილებლად უსვამდნენ ხაზს, რომ აქ ჩამოსვლა რთულია, რადგან გზა ძნელად გასავლელი იყო“, — ამბობს ჰოვიკ გილოიანი.
იგი ასევე დასძენს, რომ აბულის მთისა და ლევანას ტბისკენ მიმავალი გზების ნაწილი დაზიანებული და ძნელად გასავლელია. ბევრი ტურისტი, განსაკუთრებით საკუთარი ავტომობილით მოგზაურები, გზის მდგომარეობის შესახებ შეტყობის შემდეგ, უბრალოდ უარს ამბობს სტუმრობაზე.
ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ადგილობრივი გიდები, სატრანსპორტო მომსახურება, რუკები, საინფორმაციო ნიშნები და კარგი გზები. თითოეული ტურისტი, რომელიც სოფელში ღამეს ათევს, თანხას ტოვებს არა მხოლოდ საოჯახო სასტუმროში, არამედ თემის ეკონომიკაშიც, სხვადასხვა სერვისით სარგებლობის გზით.
„Jnews“-მა გამოკითხვა ჩაატარა სოფელ ოლავერდში იმის გასაგებად, თუ როგორ უყურებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები სოფელში ტურიზმის განვითარებისთვის რაიმე ტურისტული მაღაზიის ან კვების ობიექტის გახსნას. მოსახლეობის უმრავლესობას ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ სოფელში სუვენირების პატარა მაღაზიის ქონა ან კვების ობიექტის გახსნა შეიძლება მომგებიანი იყოს.
„ჯერ კიდევ არ არის ტურისტების ისეთი ნაკადი, რომლისთვისაც ბიზნესს დაიწყებ; ახლა ახალგაზრდები ცდილობენ დიდ ქალაქებში იპოვონ სამუშაო“, — ამბობს აშოტ კარახანიანი.
„ტურისტები ბევრნი არ არიან, ახლა არაფერი იმუშავებს, ინვესტიციის ჩადებას აზრი არ აქვს“, — აღნიშნა სოფლის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ჯავახეთში ტურიზმის განვითარება არაერთ პრობლემას აწყდება. საერთაშორისო ბაზარზე ჯავახეთის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ შეზღუდულია, საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებას საჭიროებს, ხოლო ადგილობრივების დიდი ნაწილი ტურიზმს ჯერ კიდევ არ განიხილავს, როგორც სტაბილური ბიზნესის შესაძლებლობას.
თუმცა, ოლავერდის საოჯახო სასტუმროს მაგალითი აჩვენებს, რომ მცირე ინიციატივაც კი შეიძლება იქცეს წარმატებულ ბიზნესად, თუკი შეძლებ რეგიონის უპირატესობების სწორად წარმოჩენას. მსგავსმა მაგალითებმა შესაძლოა სხვა მაცხოვრებლებსაც მისცეს შთაგონება ახალი საოჯახო სასტუმროების, კაფეების, ფერმერული ტურისტული აქტივობებისა თუ სალაშქრო სერვისების შესაქმნელად.
ოლავერდის საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ჰოვიկ გილოიანი ყვება, თუ რით ერთობიან მათთან ჩამოსული ტურისტები:
„არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გარეთ სხედან, ისვენებენ და წინ გადაშლილი ულამაზესი პეიზაჟებით ტკბებიან; ზოგიერთი კი სოფელში სეირნობს, მოსახლეობასა და ჩვენს ადათ-წესებს ეცნობა. მაგალითად, აღდგომის დღესასწაულზე გვყავდნენ სტუმრები, რომლებიც დიდი ინტერესით ოჯახებშიც კი დადიოდნენ იმის სანახავად, თუ როგორ აღვნიშნავთ აღდგომას. გვყოლია ისეთი სტუმარიც, რომელსაც ძროხის მოწველა სურდა“.
ტურისტების მხრიდან ინტერესი არსებობს, თუმცა არ ჩანს მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი მემკვიდრეობა ლამაზად იქნას წარმოდგენილი. ჯავახეთს ტურისტების ნაკლებობა არ აქვს; მას უფრო მეტად პოპულარიზაცია (წარმოჩენა) და ინვესტიციები სჭირდება. ყოველი წარმატებული საოჯახო სასტუმრო, კაფე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა თუ სუვენირების მაღაზია კი ამტკიცებს, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში ტურიზმი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ თემის განვითარების, არამედ ადამიანებისთვის მშობლიურ სოფელში ცხოვრებისა და მუშაობის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.
ავტორი არექნაზ ჯანოიან