ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს 15 წლის მცხოვრებმა, სერგეი მურადიანმა ლექსების მეორე წიგნი გამოსცა. მის შექმნაზე ახალგაზრდა პოეტი სოფელ აბლარში მდებარე წმინდა ელენეს ნახევრად დანგრეულმა ეკლესიამ შთააგონა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს 15 წლის მცხოვრებმა, სერგეი მურადიანმა ლექსების მეორე წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „ჩრდილების მშვიდი ქალაქი“. ახალგაზრდა ავტორის თქმით, შთაგონების წყაროდ აბლარის წმინდა ელენეს ეკლესია იქცა.

აღსანიშნავია, რომ აბლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამთან ახლოს მდებარეობს. ეს ჯავახეთში მომლოცველობისა და დასვენების ერთ-ერთი ცნობილი ადგილია. აქ ჩამოდიან არა მხოლოდ მოსალოცად, არამედ დასასვენებლადაც. ეს ადგილი განთქმულია თავისი მაღალი ხარისხის წყლით.

წიგნის დასაწერად სერგეის დაახლოებით ორი თვე დასჭირდა.

„ყოველდღე ცოტ-ცოტას ვწერდი. ერთ დღეს აბლარში წავედი, ვნახე წმინდა ელენეს ეკლესია და მან ჩემზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ დავინტერესდი მისი ისტორიით, დავიწყე მასზე კითხვა. გავიგე, რომ ტაძარი XII საუკუნეში ყოფილა აშენებული. ამ ემოციების გავლენით დავწერე ლექსები და წიგნს „ჩრდილების მშვიდი ქალაქი“ დავარქვი“, – ყვება სერგეი მურადიანი.

ახალგაზრდა პოეტი სინანულით აღნიშნავს, რომ არქიტექტურული ძეგლი თანდათან იშლება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეკლესია ასეთ მდგომარეობაშია და ამას თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას“, — ამბობს ის.

წიგნი ტერ რუბენისა და მამა ეღიას ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ტირაჟმა 50 ეგზემპლარი შეადგინა. სერგეი გეგმავს, წიგნები დამოუკიდებლად გაყიდოს. ერთი ეგზემპლარის ღირებულება 20 ლარია.

მეორე წიგნში შევიდა 88 ლექსი, რომლებიც ჯავახეთს, გიუმრისა და ნაირის ეძღვნება. (ნაირი, ანუ ურარტუ — ქვეყანა სომხეთის მთიანეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს).

სერგეის თქმით, მისი პირველი წიგნი, სახელწოდებით „სველი ჭრილობები“, უკვე თითქმის მთლიანად გაყიდულია.

ავტორებს შორის, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს, სერგეი ასახელებს სომეხ პოეტს, ეღიშე ჩარენცსა და ჯავახეთელ პოეტს, გური ეთერ ავეტისიანს.

პოეზიისადმი სიყვარული, სერგეის თქმით, მას ოჯახიდან გადაეცა. ბაბუამისიც წერდა ლექსებს, თუმცა ის ძალიან ადრე წავიდა სიცოცხლიდან და საკუთარი წიგნის გამოცემა ვერ მოასწრო. ახლა სერგეი ოცნებობს, შეაგროვოს ბაბუის ნაწარმოებები და აასრულოს მისი სურვილი – გამოაქვეყნოს ისინი ცალკე კრებულად.

„ძალიან მინდა, ბაბუაჩემს დავემსგავსო. პოეზიის სიყვარული და რწმენა ჩემთან ოჯახიდან მოვიდა“, -ამბობს ის.

სერგეი მე-10 კლასში სწავლობს. იგი აქტიურად მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში, სადაც გაიცნო კიდეც თავისი ქველმოქმედნი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წიგნი გამოსცა, თავისი მომავალი პროფესიის დაკავშირებას არც ლიტერატურასთან და არც საეკლესიო მსახურებასთან არ გეგმავს.

„პოეზია და ეკლესია ჩემი გატაცებებია. ჩემი მთავარი ოცნება კი იურისტობაა, რათა დავიცვა სამართლიანობა“, -ამბობს ახალგაზრდა პოეტი.

მიუხედავად ასაკისა, სერგეი მურადიანმა უკვე დაისახა დიდი მიზნები. ის აგრძელებს ლექსების წერას, წიგნების გამოცემას და სჯერა, რომ შეუპოვრობა და შრომა დაეხმარება როგორც შემოქმედებითი, ისე პროფესიული ოცნებების განხორციელებაში.