გეოგრაფია, ძველი საქმიანი თუ პირადი კავშირები და ღრმად ინტეგრირებული სავაჭრო ქსელები რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლით მუშაობაში ეხმარება.
ათწლეულების განმავლობაში, მოსკოვის ბაზრობა „გორბუშკა“ საბჭოთა კავშირში ელექტრონიკისა და ჩაწერილი მუსიკის შესაძენად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი იყო. ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სსრკ-ის დაშლიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, გამყიდველები ბევრად უფრო უჩვეულო საქონელს შესთავაზებდნენ მყიდველს – მათ შორის Starlink-ის 45 მოწყობილობას, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩეჩნურ ქვედანაყოფ „ახმატთან“ დაკავშირებულმა პირმა შეიძინა, რომელიც რუსულ არმიას უჭერს მხარს.
აქედან ასობით კილომეტრის დაშორებით, რიგის სასამართლოში ატმოსფერო დაძაბული იყო, როდესაც ოთხი მამაკაცი, რომელთაგან ზოგიერთი საოცრად ახალგაზრდაა, წარსდგა ბრალდებით, რომელიც SpaceX-ის მიერ წარმოებული Starlink Mini-ის 60 კომპლექტის შეძენისა და ტრანსპორტირების ორგანიზებას ეხებოდა. აღნიშნული მოწყობილობები უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და საერთაშორისო სანქციების დარღვევით იყო განკუთვნილი. ევროკავშირმა აკრძალა ამ ნივთების ექსპორტი რუსეთში, რადგან ეს კომპლექტები უზრუნველყოფენ თანამგზავრულ ინტერნეტთან წვდომას შორეულ რეგიონებში, რითაც მათ სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობა აქვთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომში. კონტრაბანდული საქონლის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 200 000 ევრო (230 000 აშშ დოლარი) შეადგინა.
რუსი ჯარისკაცები ცხენებს Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალებით აღჭურვავენ. ფოტოები სოციალური მედიიდან.
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, სქემის მთავარი ორგანიზატორი რიგაში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქე, ალი ხალილოვი იყო. 2026 წლის მარტში ხალილოვს, რუსეთში Starlink-ის კონტრაბანდის ორგანიზებისთვის, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე სამი წელი პირობითი სასჯელი, ლატვიიდან დეპორტაცია და ქვეყანაში ხელახლა შესვლის ხუთწლიანი აკრძალვა.
ეს არ არის ერთეული შემთხვევა. უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წელს, რუსეთი აგრძელებს თავისი პოლიტიკის ადაპტირებას, რათა მესამე ქვეყნების გავლით მიიღოს სანქცირებული საქონელი. აშკარა გახდა, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელები და ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებსაც აქვთ კავშირები ევროპასა და აზიას შორის და ფლობენ რუსულ ენას, სწრაფად შეეგუვნენ ვითარებას — ისინი იყენებენ სანქციების გვერდის ავლის მარშრუტებსა და მეზობელ სახელმწიფოებში არსებულ სუსტ მმართველობას.
სომხური ოქრო და მეორადი ავტომობილები საქართველოდან
სამხრეთ კავკასიაში უკანონო ვაჭრობის ქსელებზე საუბრისას, ლონდონის მეფის კოლეჯის (King’s College London) რუსეთის ინსტიტუტის უფროსი ლექტორი, დოქტორი ალექსანდრე კუპატაძე ხაზს უსვამს, თუ როგორ გამოიყენეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ის ცოდნა და ნიშური სექტორები, რომლებიც სანქციების დაწესებამდე და რუსეთის შეჭრამდეც არსებობდა.
„მაგალითად, ომამდეც საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მეორადი ავტომობილები იყო და ეს ვაჭრობა მას შემდეგ გადაორიენტირდა რუსეთში დასავლური წარმოების სანქცირებული მანქანების მიწოდების ხელშეწყობაზე. სომხეთს კი დიდი ხანია განსაკუთრებული ნიშა ეკავა ოქროთა და ძვირფასეულობით ვაჭრობაში, რაც ანალოგიურად გადაკეთდა სანქციების გვერდის ავლის კონტექსტში“, — განუცხადა მან OC Media-ს.
ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და რეგიონული და ანალიტიკური კვლევების კათედრის გამგე, დოქტორი ერიკა მარატი ეთანხმება კუპატაძეს და OC Media-სთან აღნიშნავს, რომ სომხეთი გახდა მთავარი შუამავალი რუსული ოქროსა და საიუველირო ნაკეთობების უკანონო რეექსპორტში, ხოლო საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსული ნავთობის რეექსპორტსა და რუსეთში ავტომობილების მიწოდების ხელშეწყობაში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.
იგი უფრო დეტალურად განმარტავს სიტუაციას საქართველოში და ეყრდნობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ კვლევას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რუსულ ქსელზე და იმაზე, თუ როგორ უწყობს ეს ხელს საქმიანი ურთიერთობების განვითარებას მისი ოჯახის წევრებსა და რუსეთში მყოფ სხვა მეწარმეებს შორის.

„ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის“ (OCCRP) ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს, მოსკოვში სამი არადეკლარირებული მიწის ნაკვეთი აქვს, რომელთაგანაც ერთი 2024 წელს არის შეძენილი. ფოტო: ტაბულა
მარატის თქმით, ეს ურთიერთობები შესაძლოა გახდა მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებისა, სანქციები დაეწესებინა ივანიშვილის ძმის, მისი დეიდაშვილისა და დეიდაშვილის მეუღლისთვის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ აღმოაჩინა, რომ ამ პირებს საქმიანი ურთიერთობები აქვთ აშშ-ის მიერ სანქცირებულ კგბ-ს ყოფილ გენერალთან და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორთან, გიორგი პოლტავჩენკოსთან, ასევე ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსანთან, როლან ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატია“, — ამბობს ერიკა მარატი.
მთლიანობაში, იგი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის კავშირებმა რუსეთში მყოფ ბიზნესაქტორებთან, მათ შორის ახლახან სანქცირებულ პირებთან, რასაც 2023 წლის დასაწყისში დაემატა პოლიტიკური უთანხმოება „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, გააჩინა ვარაუდები საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მნიშვნელოვანი ფარული ვაჭრობის შესახებ, რომელიც დასავლური სანქციების გვერდის ავლით ხორციელდება.
სამხრეთ კავკასია დასავლეთს „გაზლაითინგს“ უწყობს
თუმცა, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და პროგრამების დირექტორი, ლორა ლინდერმანი ხაზს უსვამს, რომ პრობლემა მხოლოდ ერთი დამნაშავის დადანაშაულებაზე შორს მიდის.
„საბაჟოს სუსტ შესაძლებლობებს დიდი მნიშვნელობა აქვს; ეს ასეა პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილში. დიასპორა და ბიზნესკავშირებიც ამ სურათის ნაწილია, მაგრამ მათ გადაჭარბებულ შეფასებას მოვერიდებოდი“, – ამბობს ის.
ამავდროულად, იგი მიუთითებს ადგილობრივ გეოგრაფიაზე, როგორც ამოსავალ წერტილზე სანქციებისგან თავის არიდების ფენომენის გასაგებად, და აღნიშნავს, რომ ჩამოყალიბებული სავაჭრო ინფრასტრუქტურა ყველა მიმართულებით არსებობს.

სატვირთო მანქანების კოლონა მოძრაობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media
ანალოგიურად, მარატმა აღნიშნა, რომ დიდი კავკასიონის საერთო საზღვრებმა იგი სანქციების დარღვევის ერთ-ერთ საკვანძო ტრანზიტულ ზონად აქცია, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან ერთად.
„ჩვენი დასკვნები კვლევიდან „კრიმინალური გეოგრაფია: როგორ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური კრიმინალური ქსელები“ აჩვენებს, რომ შეიარაღებული კონფიქტი იწვევს არა მხოლოდ გეოგრაფიულ ძვრებს ორგანიზებულ დანაშაულში, არამედ ფუნქციონალურ რეორგანიზაციასაც, რაც აძლიერებს მოწყვლადობას მეზობელ რეგიონებში, მათ შორის კავკასიაში, სასაზღვრო კონტრაბანდის, ადამიანებით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ვაჭრობაზე დაფუძნებული ფულის გათეთრების გზით“.
იგი დასძენს, რომ გაზრდილი ტრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დამალული იყო უკანონო მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა წარმოშობისა და დანიშნულების პუნქტების განზრახ დამახინჯება, სავაჭრო მოცულობისა და შეფასებითი ღირებულების შეგნებული შემცირება, აგრეთვე მომწოდებლებისა და იმპორტიორების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მალვა.
„ზოგიერთ შემთხვევაში, ტრანზიტული საქონელი, სავარაუდოდ, რუსეთში რეექსპორტირდება დასავლელი მწარმოებლების ფარული თანხმობით, რომლებმაც ფორმალურად აიღეს ვალდებულება, დაეცვათ ახალი სავაჭრო შეზღუდვები. რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები თვალს ხუჭავენ ან აქტიურად მფარველობენ თავიანთ ტერიტორიებზე სანქცირებული ბრენდებისა და სერვისების ტრანზიტს“.
კუპატაძე ასევე ხაზს უსვამს, თუ როგორ ხდის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მათ უფრო მომგებიანს რუსეთის უკანონო სავაჭრო ქსელებისთვის.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ხშირად ხუჭავს თვალს და ამავდროულად ახდენს დასავლეთით მანიპულირებას. ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორებია გეოგრაფია, [ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში] წევრობა სომხეთის შემთხვევაში და ღრმად ინტეგრირებული სავაჭრო ქსელები, რომლებიც დიდწილად ეყრდნობა დიასპორის კავშირებს“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვირტუალურად ესწრება უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომას. ოფიციალური ფოტო
იგი განმარტავს, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით, სავაჭრო კავშირები, ინტეგრაცია და სახელშეკრულებო ჩარჩოები ევროპასთან ბევრად უფრო განვითარებულია სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში.
„ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ყაზახეთი და ყირგიზეთი, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სანქციებისგან თავის არიდებაში, მაგრამ საქართველო და სომხეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ევროპასთან ვაჭრობის ხელშეწყობასა და სანქციების გვერდის ავლის უზრუნველყოფას“, — ამბობს კუპატაძე და დასძენს, რომ ამან გამოიწვია როგორც ევროპული წარმოების საქონლის რეექსპორტი რუსეთში, ისე რუსული წარმოების საქონლის რეექსპორტი ევროპაში.
ინდივიდუალური ოპორტუნისტები თუ უფრო ფართო ორგანიზებული ქსელები?
როგორც კუპატაძე აღნიშნავს, რთულია ცალსახად იმის განსაზღვრა, კონტრაბანდულ ოპერაციებში ჩართული ადამიანები ინდივიდუალურ ოპორტუნისტებად უნდა მივიჩნიოთ (ადამიანებად, რომლებმაც ისარგებლეს სიტუაციით), თუ უფრო ფართო ქსელის ნაწილად, რომელიც რუსეთის სამხედრო ეკონომიკას ემსახურება.
„ეს შეიძლება იყოს ორივე. არსებობს სავაჭრო ქსელები, რომლებმაც [ომში] აშკარად დაინახეს შესაძლებლობა, და არსებობს სხვა ქსელებიც, რომლებსაც რუსული ბიზნესელიტა მიზანმიმართულად იყენებს სანქციების გვერდის ავლისთვის“.
მარატი ცალკე განმარტავს, რომ სამხრეთ კავკასიაში ბევრმა მეწარმემ იპოვა ახალი შესაძლებლობები რუსეთთან ვაჭრობაში. ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებმაც ქვეყანა მობილიზაციის გამო დატოვეს, ასევე გახსნეს ბიზნესი საცხოვრებელ ახალ ადგილებში, ხშირად კავკასიის მეზობელ ქვეყნებში.
„რუსი მეწარმეები და სახელმწიფო კომპანიები ასევე ეძებენ შესაძლებლობებს, რომ გვერდი აუარონ სანქციებს სამხრეთ კავკასიის გავლით“, – ამბობს ის.

რუსების ჯგუფი კვეთს საქართველოს საზღვარს 2022 წლის სექტემბერში. ფოტო: ზურაბ ცერცვაძე / AP Photo
ლინდერმანი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს საერთო სურათის განხილვის მნიშვნელობას და არა ცალკეულ მონაწილეებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას, როგორც ეს, მაგალითად, Starlink-ის ინციდენტის შემთხვევაში მოხდა. მისი თქმით, წვრილი მოვაჭრეები, ფიქტიური კომპანიების („ცარიელი კომპანიების“) დამფუძნებელი პირები და მძღოლები, რომლებსაც საქონელი საზღვრებზე გადააქვთ, ამ ჯაჭვის მხოლოდ ყველაზე ქვედა რგოლში იმყოფებიან. ქვედა დონე ფუნქციონირებს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ეყრდნობა ბევრად უფრო გააზრებულ სისტემას — პროფესიონალ შუამავლებს: იურისტებს, ტრასტების შექმნის სპეციალისტებს, ლოგისტიკურ კომპანიებსა და ბანკირებს, რომლებსაც კარგად ესმით, რას აკეთებენ. გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური არქიტექტურაც, რომელიც სანქციების გვერდის ავლისთვის ხვრელების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესეს ასზე მეტ ასეთ შუამავალზე, ხოლო ევროკავშირი მიდის სანქციების გვერდის ავლის პირდაპირი კრიმინალიზაციისკენ. ამიტომ, ტერმინი „ოპორტუნისტი“ მიესადაგება ქვედა დონის შემსრულებლებს, მაგრამ გამოთქმა „ქსელი, რომელიც რუსეთის სამხედრო ეკონომიკას ემსახურება“, ბევრად უფრო ზუსტად ასახავს იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა სინამდვილეში“, — ასკვნის ის.
ავტორი — ნიგარ ჰასანოვა