სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ცემენტის ქარხანა „არარატ ცემენტი“, რომელიც ბიზნესმენსა და ოპოზიციონერ მოღვაწეს, გაგიკ წარუკიანს ეკუთვნის, მალე სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ გადავა. ამის შესახებ ხუთშაბათს გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მორიგი დარტყმა გახდა წარუკიანისთვის, რომელიც 6 ივლისს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.
„არარატ ცემენტი“ უახლოეს მომავალში სახელმწიფო საკუთრება გახდება, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელი დადგენილი წესით დაინიშნება“, – განაცხადა ფაშინიანმა, თუმცა ნაციონალიზაციის განხორციელების ვადები არ დაუკონკრეტებია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფაშინიანი ქარხნის ნაციონალიზაციაზე საუბრობს. ჯერ კიდევ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებამდე, მან საწარმოს წარუკიანის ბიზნესიმპერიის „საფუძველი“ უწოდა და ამტკიცებდა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში მისი პრივატიზაციისას დარღვევები იქნა ჩადენილი.
წარუკიანის დაკავების დღეს ქარხანაში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ხელისუფლების მიერ საწარმო დაილუქა. ქარხანაში დაახლოებით 1000 ადამიანია დასაქმებული. ბევრი მათგანი საწარმოს დახურვის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და განაცხადა, რომ წარმოების გაჩერება მათ საარსებო წყაროს ართმევს.
თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ისინი არღვევენ ხელისუფლების განკარგულებას და მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა, იუწყება RFE/RL.
ხუთშაბათს ქარხანაში სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ედგარ ზაქარიანი ჩავიდა, სადაც ამ დროს პოლიციასა და საწარმოს თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდებოდა. ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ზაქარიანმა გამოაცხადა, რომ „საწარმო მუშაობას ანახლებს“.
„იმედი მაქვს, უმნიშვნელო ტექნიკური დაბრკოლებები რამდენიმე საათში აღმოიფხვრება და უკვე ხვალიდან ქარხანა სრულად იფუნქციონირებს“, — დასძინა მან.
საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა წარუკიანის ბიზნესიმპერიის სხვა საკვანძო აქტივებიც. ასე მაგალითად, ივნისში ლიცენზია გაუუქმდა მის მფლობელობაში არსებულ კაზინო „შანგრი ლას“ (Shangri La).
მაშინ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩატარებული შემოწმებისას, სათამაშო აპარატების მრიცხველების ჩვენებებში ფინანსური შეუსაბამობები გამოვლინდა.

გაგიკ წარუკიანი, პარტია „კეთილდღეობითი სომხეთის“ ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ფოტო სოციალური მედიიდან
დაკავებები გრძელდება
ხუთშაბათს, როგორც ჩანს, ამ საქმესთან დაუკავშირებელი სხვა გამოძიების ფარგლებში, დაკავებულ იქნა არეგნაზ მანუკიანი — დეპუტატობის კანდიდატი წარუკიანის პარტიიდან „კეთილდღეობითი სომხეთი“. მას სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში სდებენ ბრალს. არსებული ინფორმაციით, ეს საქმე უკავშირდება მანამდე დაწყებულ გამოძიებას სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ანდრანიკ ტევანიანის წინააღმდეგ, რომელიც ასევე შედიოდა წარუკიანის პარტიის საარჩევნო სიაში.
ივნისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ „კეთილდღეობითი სომხეთი“ ვერ შეძლო ბარიერის გადალახვა და საჭირო შედეგამდე სულ ცოტა დააკლდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა მანუკიანის დაკავება წარუკიანის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. ამ უკანასკნელის ადვოკატის, ერემ სარგსიანის განცხადებით, წარუკიანს ბრალი ედება თაღლითობისა და ფულის გათეთრების ხელშეწყობაში. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს იმ საქმის ფარგლებში, რომელშიც იგი „დაზარალებულად უნდა ყოფილიყო ცნობილი“.
ოთხშაბათს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ წარუკიანის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუჟღერებია.
სარგსიანმა განმარტა, რომ საქმე ეხება სომხურ-ირანული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნას, რომლის მიზანიც ორ მეზობელ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება იყო. მისი თქმით, პროექტმა მიიღო ყველა საჭირო სახელმწიფო ნებართვა და მასში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. თუმცა, როგორც ადვოკატი ამტკიცებს, ირანის ზოგიერთმა მოქალაქემ „ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება“, რის შემდეგაც წარუკიანმა მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
„იმის ნაცვლად, რომ გაგიკ წარუკიანის მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაცია დაზარალებულ მხარედ ეცნოთ, გამოძიებამ გადაწყვიტა, თავად გაგიკ წარუკიანი გაეხადა ბრალდებული“, – განაცხადა სარგსიანმა და დასძინა, რომ ამ დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
ავტორი – ნეიტ ოსტილერი
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან კონტენტის გაზიარების პარტნიორობის ფარგლებში.