ამ ეტაპზე სხვა გადაწყვეტილება არ არსებობს. „ფორმულამ“ ამოწურა თავისი რესურსები ე.წ. „ანაზღაურების გარეშე მუშაობის“ ფორმატში და, როგორც ჩანს, შემცირებები გარდაუვალი გახდა“, – განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ.
დილის გადაცემის წამყვანმა, ირაკლი კიკნაველიძემ ეთერში აღნიშნა, რომ გუნდი ხელფასის გარეშე „უკვე მრავალი თვეა“ მუშაობდა.
კომუნიკაციების კომისიამ მანამდე ტელეარხების სარეკლამო შემოსავლების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. იანვარ-მარტში „ფორმულამ“ სულ რაღაც 981 200 ლარი გამომუშავა (დაახლოებით $377 ათასი). ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელეკომპანია „იმედის“ მაჩვენებელი, რომლის სარეკლამო შემოსავალმა ხუთ თვეში 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ერთი წლის წინ ფინანსური კრიზისისა და შიდა კონფლიქტების გამო მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ტელეარხმა – „მთავარმა“. ამის შემდეგ გუნდის ნაწილმა მუშაობა „მთავარის“ ბრენდით სოციალურ ქსელებში განაგრძო.
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხებიდან ამ დროისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილურად „ტვ პირველი“ ინარჩუნებს პოზიციებს. მათმა სარეკლამო შემოსავალმა იანვარ-მაისში 1 332 345 ლარი შეადგინა.
* 2025 წლის აპრილიდან საქართველოს ტელე- და რადიომაუწყებლებს ეკრძალებათ დაფინანსების მიღება უცხოეთიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დაკავშირებულია პროდუქციის რეკლამირებასთან. კანონმდებლობა ასევე კრძალავს სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული პროგრამების ტრანსლაციას. ამავდროულად, ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები უცხოური გრანტების მიღებაზე – მათი მიღება მხოლოდ მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი.