მთავრობა ქვეყნის მასშტაბით არასაშიში ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების (ნაგავსაყრელების) მშენებლობას/მოწყობას გეგმავს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს რეგიონული დაგეგმარების პრინციპების დაცვით შერჩეულ საქართველოს მუნიციპალიტეტებში არასაშიში ნარჩენების განთავსების ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი რეგიონული ობიექტების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ 2030 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს 4 რეგიონული ობიექტის, ასევე ნარჩენების გადამტვირთავი თანმდევი სადგურების კომპლექსების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ნაგავსაყრელები უნდა მოეწყოს შემდეგი საპროექტო ზონების დაცვით: კახეთი, შიდა ქართლი – მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი – რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
დეტალები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად და როგორ მოეწყობა ახალი ნაგავსაყრელი, ასევე რა ბედი ეწევა არსებულ ნაგავსაყრელებს, უცნობია. თუმცა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ქვეყნის სტრატეგიის თანახმად, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს, 2030 წლისთვის ყველა დღეს მოქმედი ნაგავსაყრელი, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება, ლიკვიდირებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ნაგავსაყრელი, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ნარჩენებს იღებს, სწორედ ასეთია, ანუ სტანდარტებს არ შეესაბამება.