2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ახალი სასწავლო წლიდან კი არაერთი ცვლილება ამოქმედდება.
კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება.
როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება.
გივი მიქანაძის თქმით, წელს სამ ეტაპად მოხდება ფორმების მოწოდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელისკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.
როგორც სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ვკითხულობთ, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან სკოლებში მობილური ტელეფონების/სმარტფონების, “ჭკვიანი საათების”, პლანშეტების გამოყენება იკრძალება იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, მიზნობრივად, აუცილებელია.
უფრო კონკრეტულად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:
ა) უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;
ბ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლისათვის წინასწარ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან/და სხვა სამედიცინო მიზნებისთვის;
გ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ შემთხვევებში;
დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (არსებობის შემთხვევაში) ან კლასის დამრიგებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ე) მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით/დასკვნით;
ვ) სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
2026-2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად სკოლებში განახლებული სახელმძღვანელოები დაინერგება. გივი მიქანაძის განმარტებით, წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები.
იცვლება საათობრივი ბადეც. პირველი უცხო ენის, ინგლისური ენის სწავლება სკოლებში 1-ელი კლასიდან აღარ დაიწყება. ინგლისური ენის სწავლას მოსწავლეები მე-2 კლასიდან დაიწყებენ.
გარდა ამისა, ახალი საათობრივი ბადის მიხედვით, 2026-2027 სასწავლი წლიდან ნაცვლად მე-8 კლასისა, ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.
ქართულ ენას მოსწავლეები ცალკე საგნად მე-7 და მე-9 კლასებში ისწავლიან. პირველ კლასში, განსხვავებით წინა წლისგან, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას კვირაში 1 საათით მეტი, 8 საათი დაეთმობა, მათემატიკის სწავლებას კი 6 საათი.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, პირველი არხის გადაცემაში “დისკუსია აქტუალურ თემაზე” განაცხადა, სასკოლო ჩანთის წონის შემცირება და ამ კუთხით, პირველი ნაბიჯების გადადგმა, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. მინისტრის განმარტებით, შესაძლოა, ერთი სახელმძღვანელო რამდენიმე ნაწილად დაიყოს და როდესაც მასწავლებელი ერთი ნაწილის პროგრამას ამოწურავს, მოსწავლეებმა მეორე ნაწილის გამოყენება დაიწყონ და ასე შემდეგ. მიქანაძის თქმით, ახალი სახელმძღვანელოები ამ პრინციპით იქმნება.
აღსანიშნავია, რომ წელიწადზე მეტია, საჯარო სკოლებში, არჩევით კომპონენტად ღირებულებითი განათლების კლუბი არსებობს, რომლებსაც სასულიერო პირები უძღვებიან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 141 სკოლაში 175 კლუბი ფუნქციონირებს, რომლებშიც 4 375 მოსწავლეა ჩართული.ცოტახნის წინ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ამ პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეები დააჯილდოვა. მინისტრის განცხადებით, პროგრამის გაფართოება მომავალშიც გაგრძელდება და ამ მიზნით 129 სასულიერო პირი უკვე გადამზადდა. ისინი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალ კლუბებს გახსნიან.
სკოლებისთვის აკადემიური კალენდარი არ შეცვლილა. 2026-2027 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება.