ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს მსოფლიო ბანკის სახსრებით დაიწყო, პაუზის შემდეგ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები ამჟამად აქტიურ ტემპში მიმდინარეობს, როგორც მშენებლები, ისე სოფლის მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ობიექტის დასრულებას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვადაში მოასწრებენ. მშენებლობას შპს „MC Group“ ახორციელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები მიმდინარე 2026 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
მშენებლობაზე როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული სპეციალისტები მუშაობენ
წლის ბოლომდე დავასრულებთ. სექტემბრისთვის ვერ მოვასწრებთ -ამინდის პირობები მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდა, მარტსა და აპრილში სამუშაოები პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ
სოფელ სულდაში მერის წარმომადგენელი, ზარზანდ ქუჯოიანიც მიიჩნევს, რომ კონტრაქტორი მშენებლობის დადგენილ ვადაში დასრულებას ვერ მოასწრებს.
„სკოლის მშენებლობის ეტაპზე შეჩერება იყო – სამუშაოები დაახლოებით ერთი თვით შეჩერდა. წარმოიშვა გარკვეული გაუგებრობები, თუმცა ახლა ისინი უკვე აღმოფხვრილია და მშენებლობა სწრაფი ტემპით გრძელდება. ვხედავ, რომ სამუშაოს მოცულობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია, ამიტომ ვფიქრობ, ვადაში ვერ ჩაეტევიან. ხომ მხოლოდ თავად მშენებლობა არ არის, სკოლა ინვენტარითაც უნდა აღიჭურვოს“, -განაცხადა ზარზანდ კუჯოიანმა.
სკოლის მშენებლობას შპს „MC Group“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 4 931 692 ლარს შეადგენს.
ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. კონკურსი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 5 031 520 ლარი იყო, თუმცა ტენდერის შედეგად კონტრაქტი თითქმის 100 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე გაფორმდა.
ამ დროისთვის დასრულებულია კედლების ამოყვანის, გადახურვისა და ძირითადი კომუნიკაციების გაყვანის სამუშაოები. ახლა მშენებლები შიდა მოპირკეთებაზე მუშაობენ. შემდეგ დამონტაჟდება კარ-ფანჯარა, რის შემდეგაც დანარჩენი შიდა სამუშაოები გაგრძელდება.
სკოლის ახალი ორსართულიანი შენობა, რომლის საერთო ფართობი 2250 კვადრატული მეტრია, თანამედროვე სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს და ის დაახლოებით 180 მოსწავლეზეა გათვლილი.