საქართველოს მთავრობა მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესს ცვლის და ძეხვეულის ეტიკეტირებაზე ახალ რეგულაციას აწესებს. აღნიშნულს მთავრობის №301 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს.
კერძოდ, „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ შემუშავებულ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, ძეხვეულის ეტიკეტზე კონკრეტული ხორცის სახეობის მითითება, პროდუქტში მისი 50%-ზე მეტი შემცველობის შემთხვევაში იქნება დასაშვები.
„ხედვის ძირითად არეალში ძეხვეულის (სოსისი, სარდელი, ძეხვი) დასამზადებლად გამოყენებული კონკრეტული ცხოველის ხორცის დასახელების მითითება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რაოდენობა გამოყენებული ცხოველების ხორცის საერთო მასის 50%-ზე მეტს შეადგენს,“ – ვკითხულობთ დადგენილებაში.
ამასთან, რეგულაციაში დაზუსტებულია, რომ ხორცის საერთო მასის დაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება „მექანიკურად განცალკევებული ხორცი“.
მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 2027 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.