ტრანსპორტის რეფორმასთან შესაბამისობის მიზნით, ახალქალაქში ძველი ავტოსადგურის ადგილზე ახალი აშენდება. კიდევ რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო იმისათვის, რომ ქალაქში საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სისტემა სახელმწიფო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს? და რა ვადებში უნდა დასრულდეს ეს ცვლილებები?
რეფორმის თანახმად, 2025 წლის 1 ივნისიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ავტოსადგურს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სერტიფიკატი უნდა მიეღო. ამისათვის ისინი ვალდებულნი იყვნენ, დაეკმაყოფილებინათ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები. თუმცა, რეფორმის ამოქმედება 2027 წლამდე გადავადდა. მიუხედავად ამისა, ახალქალაქში ახალი მოთხოვნების შესასრულებლად მზადება უკვე დაიწყეს.
სერტიფიკატის მიღების ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა მუნიციპალიტეტის ოფიციალური თანხმობა კონკრეტული ტერიტორიის ავტოსადგურად გამოყენებაზე, რაც 2025 წელს განხორციელდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში ავტოსადგური არსებობდა, თუმცა ის ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფდა მგზავრთა მომსახურებისთვის საჭირო პირობებს. ძველი ავტოსადგურის ტერიტორია გაიყიდა. ახალმა მფლობელმა უკვე დაიწყო სამუშაოები თანამედროვე ავტოსადგურის შესაქმნელად, რომელიც სრულად უპასუხებს ტრანსპორტის რეფორმის მოთხოვნებსა და მოქმედ სახელმწიფო ნორმებს. ძველი ავტოსადგურის ტერიტორია მეწარმე გიორგი წურწუმიამ შეიძინა, რომელიც მგზავრთა გადაყვანის სფეროში საქმიანობს.
„ავტოსადგური ძველია, ჯერ კიდევ ძველი სტანდარტის. ახლა მის დემონტაჟს ვახდენ, რათა ავაშენო ახალი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს აუცილებელია ლიცენზიის მისაღებად. პირველ რიგში, საჭიროა ავტოსადგურის აშენება, მისი აღჭურვა სალარო აპარატით და ოფიციალური მუშაობისთვის აუცილებელი ყველაფრით. ასევე ვგეგმავ ბილეთების ონლაინ-გაყიდვის სისტემის დანერგვას. მსურს, ყველას, ვინც ერთი ქალაქიდან მეორეში გამგზავრებას აპირებს, სახლიდან გაუსვლელად შეეძლოს ბილეთის შეძენა — ზუსტად ისე, როგორც ტექდათვალიერებაზე ეწერებიან ხოლმე“, — ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ მგზავრები, რომლებიც ახალქალაქიდან სხვა ქალაქების მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებით სარგებლობენ, რიგ სირთულეებს აწყდებიან. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეისების არარეგულარულობაა. ზოგიერთ შემთხვევაში, მგზავრების არასაკმარისი რაოდენობის გამო, რეისები შესაძლოა დაგვიანდეს ან საერთოდ არ შედგეს. კიდევ ერთი პრობლემაა განრიგისა და ბილეთების გაყიდვის ერთიანი სისტემის არარსებობა. ბილეთები, როგორც წესი, უშუალოდ მძღოლისგან ან გამგზავრების ადგილზევე საღდება, რაც წინასწარ მგზავრობის დაგეგმვას ართულებს.
მგზავრები ასევე მიუთითებენ სამარშრუტო ტაქსებში კომფორტის შეზღუდულ დონეზე — გადატვირთულ სალონებზე, თანამედროვე პირობების არარსებობასა და სხვადასხვა გადამყვანის ტრანსპორტის ტექნიკურ მდგომარეობებს შორის სხვაობაზე. დამატებით დისკომფორტს ქმნის ისიც, რომ ტრანსპორტის ლოდინი სრულფასოვანი ავტოსადგურისა და კეთილმოწყობილი მოსაცდელი ზონების არარსებობის პირობებში უწევთ.
„2027 წლიდან რეგულაცია ამოქმედდება და ჩვენ მოგვიწევს ყველა დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, როგორი იქნება ისინი. თუ ჩვენგან მოითხოვენ 5 ტონაზე მეტი მასის მქონე ავტობუსების მომსახურებას, ეს უკვე 32-მდე ადგილის მქონე ავტობუსებია და ჩვენ მოგვიწევს მათი მიღება ავტოსადგურზე. თუ ასეთი მოთხოვნა არ იქნება, მგზავრთა გადაყვანას კვლავ 18-ადგილიანი სამარშრუტო ტაქსები გააგრძელებენ. როგორიც იქნება მოთხოვნები, ჩვენც იმის მიხედვით ვიმუშავებთ. ეს სავალდებულოა“, — ამბობს კერძო მეწარმე გიორგი წურწუმია, რომელიც მგზავრთა გადაყვანით არის დაკავებული.
avtostanciya - 1

ტრანსპორტის რეფორმის საერთო ცვლილებები
საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შემდეგ დაიწყო. მისი მიზანია ბაზრის „ჩრდილოვანი“ სექტორიდან გამოყვანა, გადაყვანის უსაფრთხოების ამაღლება და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. რეფორმა მოიცავს გადამყვანების ლიცენზირებას, ავტოსადგურების სერტიფიცირებას და მოძველებული მიკროავტობუსების ეტაპობრივ ჩანაცვლებას უფრო დიდი ტევადობის ავტობუსებით.
რეფორმის ამოქმედება ორჯერ გადავადდა. ეკონომიკის სამინისტროში და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტეს, რომ ვადების გადაწევა უკავშირდება გადამყვანებისთვის ავტოპარკის მოდერნიზაციისთვის დამატებითი დროის მიცემის საჭიროებას, სექტორზე ფინანსური ტვირთის შემცირებას და რეფორმის გლუვ დანერგვას საქალაქთაშორისო რეისების რაოდენობის შემცირების გარეშე.
რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებები:
რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანები განხორციელდება მხოლოდ M3 კატეგორიის ავტობუსებით;
მიკროავტობუსები („მარშრუტკები“) ეტაპობრივად შეწყვეტენ მუშაობას შორ მანძილზე არსებულ რეგულარულ მარშრუტებზე;
ყველა რეგულარული რეისი უნდა შესრულდეს ექსკლუზიურად სერტიფიცირებული ავტოსადგურებიდან, ხოლო მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ოფიციალური სადგურების მიღმა აიკრძალება;
ინერგება სავალდებულო ელექტრონული ბილეთები, რეისების აღრიცხვის ერთიანი სისტემები და საინფორმაციო ტაბლოები ავტოსადგურებზე;
ყველა ავტოსადგურმა უნდა გაიაროს სახელმწიფო სერტიფიცირება, რომლის გარეშეც რეგულარული რეისების მომსახურება შეუძლებელი გახდება;
მკაცრდება მოთხოვნები გადაყვანის უსაფრთხოებაზე: ტაქოგრაფების, სიჩქარის შემზღუდველების სავალდებულო გამოყენება, სატრანსპორტო საშუალებების გაძლიერებული ტექნიკური კონტროლი, ასევე მძღოლების სამედიცინო შემოწმება და მათი მდგომარეობის კონტროლი.
რეფორმის შედეგად, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სისტემა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა: გადაყვანები განხორციელდება უპირატესად დიდი ავტობუსებით სერტიფიცირებული ავტოსადგურების გავლით, კონტროლის ციფრული სისტემების გამოყენებითა და უსაფრთხოებისადმი გაზრდილი მოთხოვნებით.