ხაჩატურ პეტროსიანის ისტორია, რომელიც ახალქალაქის მცხოვრებლებისთვის „ხაჩოს“ სახელითაა ცნობილი, უკვე მრავალი წელია იმ გულგრილობის სიმბოლოდ რჩება, რომელსაც სისტემა მძიმე ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩენილი ადამიანების მიმართ იჩენს. წლების განმავლობაში იგი ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომლებსაც რთულია ადამიანური ეწოდოს, მისი ბედი კი რეგულარულად ხდება Jnews-ის პუბლიკაციების თემა. საზოგადოების ყურადღებისა და დახმარების ცალკეული მცდელობების მიუხედავად, ხაჩატურის პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.
მშვილებელი მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მარტო დარჩა და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად ძებნა უწევს. მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების გამო მას არ შეუძლია სტაბილური, დამოუკიდებელი ცხოვრების წარმართვა და მეტწილად გარშემომყოფთა დახმარებაზეა დამოკიდებული.
ბოლო წლებში ხაჩატური ახალქალაქის ყოფილი სამხედრო ქალაქის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა. სწორედ ეს ადგილი ემსახურებოდა მას დროებით თავშესაფრად. გათბობის, წყლისა და სხვა ელემენტარული პირობების არარსებობის მიუხედავად, ის იქ რჩებოდა და ზამთრის პერიოდის გადატანაც შეძლო.
საზოგადოების ყურადღებისა და Jnews-ის პუბლიკაციების წყალობით, მან ადრე მოახერხა საბუთების აღდგენა და სოციალური გასაცემლების გაფორმება. ამან ნაწილობრივ გააუმჯობესა მისი მდგომარეობა, თუმცა მუდმივი საცხოვრებლის საკითხი მაინც გადაუჭრელი დარჩა. ცოტა ხნის წინ სიტუაცია შეიცვალა. ხაჩატურის თქმით, იგი პირად ნივთებთან ერთად გამოასახლეს იმ ფართიდან, სადაც ცხოვრობდა და ზამთარს აფარებდა თავს. შედეგად, იგი ქუჩაში, მუდმივი თავშესაფრის გარეშე აღმოჩნდა.
ახალქალაქის მერიაში განგვიცხადეს, რომ ხაჩოს დახმარების პირობები არ შეცვლილა — კვლავ არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მისთვის საცხოვრებელი ფართი მოიძებნოს.
„მას ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავს, თუმცა პირობები არ შეცვლილა — ჩვენ კვლავ არ შეგვიძლია ხაჩატურისთვის საცხოვრებელი ადგილის გამოყოფა, რადგან ასეთი ფართები არ გაგვაჩნია. თუმცა, შეგვიძლია გადავიხადოთ 200 ლარი, თუ ვინმე დათანხმდება, რომ მას საცხოვრებელი ფართი მიაქირაოს“, — განაცხადა ახალქალაქის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ანაიტ იორდანიანმა.
ახალქალაქში ხაჩატურ პეტროსიანის შემთხვევა ერთეულ და არა ტიპურ ხასიათს ატარებს, თუმცა ეს მას ნაკლებად მნიშვნელოვანს არ აქცევს და სისტემურ მიდგომას მოითხოვს.