ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ რეინჯერი, ხოლო ფოთში — მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის თანამშრომელი დააკავეს. ორივე ბრალდებული კორუფციის ფაქტზეა დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა მოქალაქეს მიწის მოპოვებისთვის 600 ლარი მოსთხოვა, ხოლო ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის თანამშრომელმა — სპეციალური ტექნიკით მიწის დამუშავებისთვის 400 ლარი გამოართვა.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეციალური ტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფო ტყის ნაკვეთზე ნაყოფიერი ნიადაგის ფენის მოპოვებისთვის ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 600 ლარი, რის შემდეგაც იგი დაკავებულ იქნა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც გააგრძელებს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ.