მთავრობა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის 50 ერთეულ ახალ ავტომობილს ყიდულობს. ახლადშექმნილი „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს“ მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3.614 მლნ ლარს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი ერთეულის ღირებულება 72 ათას ლარს აჭარბებს.
ტექნიკური დავალების მიხედვით, იგეგმება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე, მარცხენასაჭიანი, თეთრი ფერის ავტომობილების შეძენა, რომლებიც „შსს მომსახურების სააგენტოს“ სიმბოლიკით უნდა იყოს ბრენდირებული.
ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის უნდა იყოს ადაპტირებული. კერძოდ, ისინი უნდა აღიჭურვოს მყარი რკინის კონსტრუქციის მქონე დამატებითი სისტემებით:
პარალელური სატერფულებით: სამუხრუჭე და აქსელერატორი (გაზი);
სალონში დამატებითი ცენტრალური უკანა ხედვის სარკით;
ძარაზე არსებული გვერდითი (მარჯვენა და მარცხენა) სარკეების ზედა ნაწილზე მიმაგრებული დამატებითი უკანა ხედვის სარკეებით.
დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე პროდუქციის შემოთავაზებაც (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა ან საწვავის ტიპი – ჰიბრიდი).
სატენდერო პირობების მიხედვით, ავტომობილები 2026 წელს უნდა იყოს წარმოებული.
აღსანიშნავია, რომ ტენდერში წინადადებების წარდგენა 30 ივნისს დასრულდა. შესყიდვას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი – შპს „ავტო ცენტრი თბილისი“ ჰყავს. ამ დროისთვის სატენდერო კომისია დოკუმენტაციას სწავლობს და კომპანია შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული კომპანია 2018 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი დავით ჯოხაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი – შპს „ბუტიკგრუპი“.