რუსეთში შესასვლელად RuID აპლიკაციის საშუალებით სავალდებულო რეგისტრაცია ჯერჯერობით არ წესდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული იდენტიფიკაციის ექსპერიმენტი 2027 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევრაზიის ეკონომიკური კომისია და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო (MID) ავრცელებენ.
შესვლის ახალი წესები საპილოტე რეჟიმში 2025 წლის 30 ივნისს ამოქმედდა. უცხოელებს, რომლებიც რუსეთში უვიზოდ შედიან, შესთავაზეს წინასწარ დარეგისტრირდნენ ერთიან სისტემაში და მობილური აპლიკაციის (RuID) მეშვეობით წარადგინონ ელექტრონული განაცხადი შესვლის შესახებ. მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში ეს პროცედურა ნებაყოფლობითი რჩებოდა.
თავდაპირველად ექსპერიმენტი 2026 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც RuID-ის საშუალებით რეგისტრაციის სავალდებულოდ აქცევა იგეგმებოდა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლებამ საგამოცდო პერიოდის გახანგრძლივება გადაწყვიტა, ამიტომ, სულ მცირე, 2027 წლის ბოლომდე აპლიკაციით რეგისტრაცია არასავალდებულო დარჩება.
აღნიშნული პროცედურა სავალდებულო გახდება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს უვიზო რეჟიმით კვეთენ, გარდა შემდეგი კატეგორიის უცხოელებისა:
ა) ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეები;
ბ) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულდათ 6 წელი.
მანამდე რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირი აფრთხილებდა, რომ სავალდებულო რეგისტრაციას შესაძლოა უცხოელი ტურისტების ნაკადი შეემცირებინა. დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ დამატებითი ციფრული პროცედურა დროს მოითხოვს და შესაძლოა სირთულეები შეუქმნას, განსაკუთრებით, ხანდაზმულ მოგზაურებს, რომლებიც მობილურ სერვისებს ყოველთვის თავდაჯერებულად ვერ იყენებენ.