საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ წელს სასკოლო ფორმა ეტაპობრივად დაინერგება. მისი თქმით, უკვე 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში საქართველოს სახელმწიფო გერბიანი ახალი ფორმით გამოცხადდება, ხოლო პირველი სემესტრის ბოლომდე კომპლექტებით პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტი თანდათანობით ხორციელდება, რათა ბავშვები ახალ სისტემას შეეჩვიონ. მომდევნო წლებში სავალდებულო სასკოლო ფორმა უფრო მაღალ კლასებზეც გავრცელდება – გეგმის მიხედვით, პროგრამას ყოველწლიურად თითო კლასი დაემატება.
მიქანაძის თქმით, მშობლები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას ფორმების გაცემისა და გაყიდვის პუნქტების შესახებ, რომლებიც როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებში გაიხსნება.
„უახლოეს დღეებში განვსაზღვრავთ სასკოლო ფორმის ღირებულებას – ფასი დაწესდება როგორც პიჯაკებზე, ისე შარვლებსა და ქვედაბოლოებზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ის რამდენჯერმე დაბალი იქნება კერძო სკოლების ფორმების ღირებულებაზე…
ჩვენი მიზანი იყო და რჩება ამ პროექტის ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელება. თუმცა, ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ტენდერის გამოცხადების შემდეგ, რომელიც თავისუფალ მონაწილეობას ითვალისწინებდა, კომპანიამ, რომელიც კვლევის პირველი ეტაპის გამარჯვებულად იქნა აღიარებული, სამწუხაროდ, ვერ შეძლო კონტრაქტის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა. კანონმდებლობის შესაბამისად, ეს პროცედურა არ შედგა.
კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმეთ, ჩინეთში სასკოლო ფორმების წამყვანი მწარმოებელია და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას უშვებს. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოვიდა საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და მივიღეთ სრული გარანტიები როგორც პროდუქციის ხარისხთან, ისე მოწოდების ვადების დაცვასთან დაკავშირებით“, — განაცხადა გივი მიქანაძემ.