თბილისი მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო შეიძლება სრულად „შავ წერტილებად“ მოვიაზროთ“, – ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე შესაძლოა, დასაშვები სიჩქარის ლიმიტის შემცირება და სანაპიროს ხაზზე არსებულ ხეებამდე ბორდიურების მოწყობა გამოსავალი იყოს.

„ის, რომ უკვე მოხდა რიგი „შავი წერტილების“ ოფიციალურად რეგისტრირება და პრობლემის მოგვარებისთვის ტენდერიც კი გამოცხადდა, ცუდი ფაქტი არ არის, იმიტომ რომ, თვალების დახუჭვით ვერ გავექცევით ფაქტებს. თუმცა, გაცილებით მეტია შავი წერტილები, ვიდრე ტენდერშია ჩამოთვლილი. ვფიქრობ, რომ საგზაო დეპარტამენტთან ერთად მუნიციპალიტეტებმაც უნდა მიმართონ ამ გზას, რათა „შავი წერტილები“ აღმოიფხვრას.

ეს თემა უნდა იყოს ღია, „შავ წერტილებზე“ უნდა იყოს მსჯელობა, პრობლემა უნდა გამოვიტანოთ საჯაროდ, რადგან ამის დამალვა არ გვაძლევს შედეგს. უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც მონაკვეთზე რომ მივდივართ, ის არის პრობლემური.

ამ ყველაფერზე ანალიზი და ფიქრი უნდა ხდებოდეს, „მდე“, თუ რაიმეს ვიზამთ „მდე“ ეს იმას ნიშნავს, რომ არ დადგება მომენტი, როცა მოგვიწევს კონკრეტული მონაკვეთების „შავ წერტილად“ აღიარება. როდესაც კეთდება ინფრასტრუქტურა, მაშინ უნდა იყოს მსჯელობა, რომ რაიმეს ხომ არ გამოიწვევს ეს პროექტი და რა შედეგი მოჰყვება ამას. მხოლოდ ანალიზის შემდეგ უნდა კეთდებოდეს საქმე, როცა გაკეთდება და ცუდი შედეგი დადგება, უკვე გვიანია.

“ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს – თბილისში პრობლემები მეტია”
სამწუხაროდ, არ ვართ ისე კარგად, რომ არ გვქონდეს „შავი წერტილები“ თბილისში, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, მით უმეტეს, დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა ყველაზე მეტია. რომ ავიღოთ დანარჩენი საქართველო და დედაქალაქი, გაცილებით მეტი მანქანაა დედაქალაქში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. შესაბამისად, თბილისში პრობლემები მეტია.

ავიღოთ მაგალითად სანაპიროები – მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო შეიძლება სრულად „შავ წერტილებად“ მოვიაზროთ. განსაკუთრებით ისეთი ნაწილები, სადაც დასაშვები სიჩქარე მაღალია, მაგალითად ვეფხი და მოყმის ძეგლიდან ელბაქიძისკენ დასაშვები სიჩქარე 70 კმ/სთ-ია. ვფიქრობ, ესეც მაღალია, რადგან ამას ემატება სიჩქარე და ამ მონაკვეთზე 100 კმ/სთ-მდე ისე მიდიხარ, როგორც არაფერი. ეს არ არის მაგისტრალი, ეს არის ქალაქის ძირითადი ნაწილი, სადაც სიჩქარე არის მაღალი.

სიჩქარის შეზღუდვა გაცილებით დიდი უნდა იყოს სანაპიროზე, შეიძლება ბორდიურიც გაკეთდეს, რადგან ის ბორდიური, რაც მიუყვება მტკვარს, ვერ აკავებს ავტომობილს შეჯახების შემდეგ, მტკვარში გადავარდნა არის მარტივი, რადგან იმ ბორდიურებს აქვს სიმბოლური დატვირთვა. ასევე იცით რომ ხეები მიუყვება მთელ სანაპიროს, ხესთან შეჯახება საკმაოდ ხშირად სრულდება მძიმე ტრავმებით ან სიცოცხლის მოსპობით. ამის აღმოსაფხვრელად ან ბორდიური ხეებამდე უნდა გაკეთდეს და სიჩქარე უნდა იყოს დაბალი, ან სანაპიროზე გაკეთდეს შუქნიშნები ისე, რომ არ გვქონდეს აჩქარების საშუალება. მე არ ვარ ბევრი შუქნიშნის მომხრე, მაგრამ სანაპიროზე საჭიროა.

საჭიროება სხვა მხრივაც არის, სანაპიროზე იშვიათად გვინახავს მოსეირნე, ერთადერთი მეთევზეები თუ არიან ხოლმე სათევზაოდ ან ტურისტები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ და ეძებენ მეორე მხარეს გადმოსასვლელ გზას და არ არის. თუ რამდენიმე სექტორად დავჭრით გზას შუქნიშნებით, ავცდებით ბევრ უარყოფით შედეგს. მსგავსი მიდგომით შესაძლოა, გადავჭრათ ყველა „შავი წერტილის“ პრობლემა. შესაძლოა, ეს საკითხით გადაიჭრას უმარტივესი ჩარევები, ან თუ საჭიროა მძიმე ჩარევებითაც, რადგან ერთი ადამიანის სიცოცხლესაც თუ გადავარჩენთ, ეს ნებისმიერ ხარჯად ღირს“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.