ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24 ივნისის სხდომაზე დეპუტატებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვების საკითხი კვლავ წამოსწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსების შეძენიდან უკვე რამდენიმე თვე გავიდა, მერიის წარმომადგენლებს მათი მუშაობის დაწყების კონკრეტული ვადები მაინც არ დაუსახელებიათ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემა საკრებულოს სხდომებზე რეგულარულად განიხილება. პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი არმენ მარანგოზიანი დაინტერესდა, რა ცვლილებები მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში.
„დეკემბრის განხილვის შემდეგ 6–7 თვე გავიდა. სიახლე კი სიახლედ რჩება, არაფერია. იქნებ რაიმე ახალი ამბავია?“ — იკითხა მან.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, მნაცაკან პამბუხჩიანმა აღიარა, რომ პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. მისი თქმით, შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად კვლავ სამგზავრო ელექტრონული გადახდის მოწყობილობების არარსებობა რჩება.
„ორ ბანკს შეეძლო გადახდის აპარატების დამონტაჟება, მაგრამ მათ უარი თქვეს. უარის მიზეზი ის იყო, რომ მუნიციპალური თანამშრომლების უმეტესობა სხვა ბანკით სარგებლობს და ხელფასს მათგან არ იღებს. ამის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მივიღეთ წინადადება, რომ კიდევ შეგვეძლო ავტობუსების ყიდვა. ჩვენ მივმართეთ ჩვენს მთავრობას განცხადებით, რომ გვიყიდონ 7 ავტობუსი, რის შემდეგაც, ვფიქრობ, ეს საკითხი გადაწყდება და უფრო საფუძვლიანადაც. გვეყოლება ავტობუსების პარკი, რომელიც მთელ მუნიციპალიტეტში იმუშავებს. ანუ, ცოტა კიდევ უნდა დაველოდოთ“, — უპასუხა ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა მნაცაკან ფამბუხჩიანმა.
თუმცა, კონკრეტულად რამდენ ხანს მოუწევთ ლოდინი და რა ბედი ეწევა უკვე შეძენილ ორ ავტობუსს — მერიის წარმომადგენლებს მკაფიო პასუხი არ გაუციათ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი კვლავ აწყდება შეფერხებებს, მიუხედავად შესყიდვის დასრულებისა და ავტობუსების ჩამოყვანისა. თავდაპირველად გადაყვანის დაწყება ჯერ კიდევ იანვარში იგეგმებოდა, თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტს მუშაობა დღემდე არ დაუწყია.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს პრობლემა საკრებულოს სხდომებზე არაერთხელ განიხილეს. მთავარ დაბრკოლებად არა თავად ავტობუსების შესყიდვა, არამედ მუნიციპალიტეტის მათი ექსპლუატაციისთვის მოუმზადებლობა აღმოჩნდა. დღემდე არ არის გადაწყვეტილი გადაყვანის ორგანიზების საკითხები, არ არის დამტკიცებული მარშრუტები, არ არის დანერგილი მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა და არ შექმნილა ცალკეული ორგანიზაცია თუ სამსახური, რომელიც ამ პროცესს მართავს. გარდა ამისა, მუნიციპალური ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებული არ ყოფილა ავტობუსების შენახვისა და მათი ექსპლუატაციის ორგანიზების ხარჯები.
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით კი სოფლის მოსახლეობისთვის, ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხად რჩება, რომელიც უკვე მრავალი წელია სატრანსპორტო მიმოსვლის მხრივ სირთულეებს განიცდის.
ახლა მერიაში იმედოვნებენ, რომ არა მხოლოდ გადაჭრიან არსებულ ორგანიზაციულ საკითხებს, არამედ გააფართოებენ ავტობუსების პარკს კიდევ შვიდი ავტობუსის შეძენის ხარჯზე. თუმცა, რეგულარული სამგზავრო გადაყვანების დაწყების კონკრეტულ ვადებს, ისევე როგორც ადრე, ახლაც არ ასახელებენ.