ჯავახეთის გულში, სოფელ განძაში, აღმართულია საეკლესიო მთა, რომელიც ასევე ცნობილია სურბ ჰოვანესის მთის სახელით და რომლის მწვერვალზეც ამავე სახელწოდების სამლოცველო მდებარეობს. ეს მთა არა მხოლოდ ბუნების მშვენიერი კუთხე, არამედ მომლოცველობის ადგილიცაა, რომელიც თაობების განმავლობაში ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის რწმენისა და თვითმყოფადობის სიმბოლოს წარმოადგენდა.

9

სამლოცველოიან მთას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრებლების ცხოვრებაში, განსაკუთრებით საბჭოთა წლებში, როდესაც ეკლესიაში სიარული აკრძალული იყო. განძის მცხოვრებლები ღამღამობით ფარულად ადიოდნენ მთაზე, რათა სამლოცველოში ელოცათ და ღმერთთან სულიერი კავშირი შეენარჩუნებინათ.

2

მთის ძლევამოსილი ძალის შესახებ ისტორიები დღემდეა შემორჩენილი. სოფელ განძის უხუცესები ყვებიან, რომ წარსულში ადამიანები მთაზე იმ იმედითაც კი აწყობდნენ მომლოცველობას, რომ შვილი შეეძინებოდათ. ქალები კი, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ, მომლოცველობის შემდეგ ორსულდებოდნენ.

1

საეკლესიო მთა დღემდე რჩება განძისა და მეზობელი სოფლების მცხოვრებთა ყველაზე საყვარელ მომლოცველობის ადგილად და სოფელ განძის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.

8

მთისკენ მიმავალი გზა ალპურ მდელოებზე გადის, სადაც ზაფხულობით ათასობით ყვავილის სურნელი ტრიალებს, მწვერვალიდან კი ულამაზესი ხედი იშლება ჯავახეთის ზეგანზე, სოფლებსა და შორეულ მთის ქედებზე, ასევე საღამოსა და ფარავნის ტბებზე. მაღალი მდებარეობის წყალობით, აქ შეგიძლიათ იგრძნოთ ბუნების ის სიმშვიდე და სიჩუმე, რაც ასე დამახასიათებელია ჯავახეთის მთიანეთისთვის.

4

დღეს სურბ ჰოვანესის მთა საინტერესო ტურისტულ მიმართულებადაც იქცა. აქ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად გაეცნონ ჯავახეთის ბუნებას, ისტორიასა და სულიერ მემკვიდრეობას. მთის მწვერვალიდან გადაშლილი პანორამა განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, როდესაც მთელი ჯავახეთი ოქროსფერი შუქითაა მოცული.

5

სურბ ჰოვანესის მთა განძაში არ არის უბრალოდ გეოგრაფიული სიმაღლე. ის მეხსიერების, რწმენისა და ეროვნული იდენტობის ცოცხალი სიმბოლოა, სადაც ბუნება და სულიერება ერთიან მთლიანობად იკვრება და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ინახავს.

6