ნანგრევები გზების სანაცვლოდ: შეკეთებას პირდებიან, მერია კი ჯარიმებით გვემუქრება

ნანგრევები გზების სანაცვლოდ:  შეკეთებას პირდებიან, მერია კი ჯარიმებით გვემუქრება

ახალქალაქის ქუჩებში წყალსადენის მილების სარემონტო სამუშაოები ხშირად გზების მოწესრიგებით კი არა, დანგრეული და კეთილუმოუწყობელი მონაკვეთებით სრულდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის-ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ გზების ასფალტის საფარი არ აღდგება, და ქალაქის მცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია დაზიანებულ ქუჩებში სიარული უწევთ.
დანგრეული და აღუდგენელი გზები არა მხოლოდ უხერხულობას უქმნის მძღოლებსა და ქვეითებს, არამედ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასაც. ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთზე წარმოქმნილი ორმოები და დაზიანებული ასფალტი ყოველდღიურ გადაადგილებას ართულებს.
Jnews-მა ამ საკითხზე არაერთხელ მიმართავდა გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას და ცდილობდა განმარტების მიღებას სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით. თუმცა დღემდე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა და ქალაქის რიგი ქუჩები კვლავ უიმედო მდგომარეობაში რჩება.
ამჯერად Jnews-მა აღნიშნულ საკითხზე განმარტება ახალქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისგან, არმენ მგდესიანისგან მიიღო. გამოცემა დაინტერესდა, აკონტროლებს თუ არა მერია წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობას და რა ზომები ტარდება კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
არმენ მღდესიანის განცხადებით, მერია ზედამხედველობას ახორციელებს, თუმცა წყალმომარაგების კომპანია დადგენილ ვადებს არ იცავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კონტროლს ვახორციელებთ, მაგრამ წყალმომარაგების კომპანია წინასწარ შეთანხმებულ პირობებს დათქმულ ვადებში არასდროს ასრულებს. ისინი ნებართვას კვარტლების მიხედვით გვთხოვენ. ქალაქის ქუჩები უკვე ერთი წელია არ შეკეთებულა, რის გამოც კომპანიას წერილობითი გაფრთხილება გავუგზავნეთ.
საპასუხოდ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის-ცენტრიდან მოგვივიდა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ დანგრეული ქუჩების შეკეთებაზე ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში განხორციელდება. თუმცა კონკრეტული ვადები მითითებული არ არის. აღნიშნული ვადა დეკემბერში იწურება და თუ იმ დროისთვის ქუჩები არ შეკეთდება, კომპანიას დავაჯარიმებთ“, — აცხადებს არმენ მღდესიანი.
გამოდის, რომ თითქმის ერთი წელია ახალქალაქის მცხოვრებლები ქუჩებისთვის პირვანდელი იერის დაბრუნებას ელიან, წყალმომარაგების კომპანიის დაპირებებს კი ჯერჯერობით პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის შეკეთება ქალაქის ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელი სამუშაოა, თუმცა ის მცხოვრებლებისთვის ახალი პრობლემების შექმნით არ უნდა სრულდებოდეს. გზის გადათხრის შემდეგ მისი პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა კეთილი ნება კი არა, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პირდაპირი მოვალეობაა.
ახლა მხოლოდ ის რჩება გასარკვევი, მოიტანს თუ არა დეკემბერი საბოლოოდ ახალქალაქის მოუწესრიგებელი ქუჩების პრობლემის მოგვარებას, თუ მცხოვრებლებს კვლავ მოუწევთ დაზიანებულ გზებთან შეგუება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე