დღეს ახალქალაქში, ნალბანდიანის ქუჩაზე, 66 წლის მამაკაცი ღია საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა და მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მამაკაცს დახმარება თვითმხილველებმა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

„ჩემი მიმართულებით მანქანა მოდიოდა, გვერდზე გავიწიე, ჭა ვერ შევამჩნიე და შიგ ჩავვარდი“, — ჰყვება სოფელ არაგვიდან ჩამოსული მამაკაცი.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ჭა უკვე 3 კვირაა ღიაა.

„უკვე მესამე კვირაა ღიაა. თავსახური გატეხილი იყო, მოვიდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის-ცენტრის თანამშრომლები, ჭა გაასუფთავეს, ღია დატოვეს და წავიდნენ“, — თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

სანამ ჩვენ მაცხოვრებლებსა და დაზარალებულ მამაკაცს ვესაუბრებოდით, ჩვენთან სხვა კაცი მოვიდა და გვითხრა, რომ რამდენიმე დღის წინ მანქანით გავლისას ჭა ვერ შეამჩნია და მოტოციკლი დაამტვრია.

ნალბანდიანის ქუჩის მაცხოვრებლები მომავალში მოსალოდნელი უბედური შემთხვევების გამო შეშფოთებულები არიან.

„გუშინ იქვე ჩავირბინე და ცოტა დამაკლდა ჩავარდნამდე, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, იქ ბავშვი რომ ჩავარდნილიყო“, — თქვა ნალბანდიანის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

იმის გასარკვევად, თუ როდის დაიკეტება ჭა და რატომ არის ის აქამდე ღია, „Jnews“-მა დაუკავშირდა გიორგი ვახტანგიშვილს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის სერვის-ცენტრის დირექტორს.

„ღია ჭის შესახებ უკვე 3 დღეა ვიცი, მისი შეკეთება დღეს იგეგმება. ტრაქტორი იყო გაფუჭებული და მის შეკეთებას ველოდებოდით“.

კითხვაზე, თუ რა იწვევს ქალაქში ჭის თავსახურების გატეხვას, გიორგი ვახტანგიშვილმა უპასუხა, რომ ეს მოქალაქეების დაუდევრობის გამო ხდება.

„მაგალითად შემიძლია მოვიყვანო კონკრეტულად ნალბანდიანის ქუჩაზე მდებარე ჭა, რომლის თავსახურიც მასზე დიდი სატვირთო მანქანის გადავლის გამო გატყდა“.

გიორგი ვახტანგიშვილის თქმით, ქალაქში კიდევ არის რამდენიმე ჭა, რომელიც შეკეთებას საჭიროებს და ისინი ამ პრობლემებზე მუშაობენ