აუტიზმი არ არის დაავადება — ეს არის ნეიროგანვითარების თავისებურება, რომელიც თითოეულ ადამიანში ინდივიდუალურად ვლინდება. თუ ადრე ახალქალაქში ამ მდგომარეობას ნაკლებად შესწავლილ ან არასწორად აღქმულ მოვლენად მიიჩნევდნენ, დღეს ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად უფრო ინფორმირებული და ცნობიერი ხდება. თუმცა, სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოების თითოეული წევრი ფლობდეს ინფორმაციას, სწორად აღიქვამდეს რეალობას, არ უშინდებოდეს მას და არ უთულებდეს ცხოვრებას სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს.

ამჯერად, საზოგადოებაში აღქმის ცვლილებასა და იმაზე, რომ აუტიზმი განაჩენად არ მივიჩნიოთ, ფსიქოლოგ ზარინე ზადოიანთან და მშობელ ლუსინესთან ერთად ვისაუბრეთ, რომელიც შვილის აუტიზმს აღიქვამს როგორც თავისებურებას და არა როგორც განაჩენს.

ზარინე ზადოიანი უკვე 4 წელია მუშაობს ახალქალაქის განვითარების ცენტრ „ნაბიჯებში“ , რომელიც 2022 წელს გიორგი მელიქიძემ და მისმა ოჯახმა დააფუძნეს. კითხვაზე, თუ რა სირთულეებს აწყდება მუშაობის პროცესში, ის გვპასუხობს, რომ ბარიერები ცოტაა, თუმცა ისინი ხანდახან არა ბავშვთან, არამედ მშობელთანაა დაკავშირებული.

ზოგჯერ რთულია მშობელს დაეხმარო „უარყოფის“ ეტაპის გადალახვასა და შვილის თავისებურებების მიღებაში, რათა შემდგომში მათთან ერთად ეფექტურად ითანამშრომლო. ხოლო კითხვაზე, შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება მისი მუშაობის დასაწყისიდან დღემდე, ქალბატონი ზარინე აღნიშნავს, რომ ამ 4 წლის განმავლობაში პოზიტიური ცვლილებები და დინამიკა აშკარად შეიმჩნევა.

„როდესაც მუშაობა ახალი დაწყებული მქონე, მშობლებში უფრო მეტად შეიმჩნეოდა შიში, სირცხვილის გრძნობა და მდგომარეობის დამალვის ტენდენცია. დღეს ადამიანები უფრო ინფორმირებულები არიან. უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ აუტიზმი ან განვითარების სხვა შეფერხებები არ უნდა განიხილებოდეს როგორც „განაჩენი“. საზოგადოება თანდათან უფრო ტოლერანტული ხდება, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით სტერეოტიპების დაძლევისა და სრული ინკლუზიის უზრუნველყოფის კუთხით“.

მისივე თქმით, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს, ეს პროცესი კი გრძელვადიანი, უწყვეტი და თანმიმდევრულია.

ლუსინემ, ფსიქოლოგ ზარინეს ერთ-ერთი აღსაზრდელის დედამ, აღნიშნა, რომ აუტიზმის პირველი ნიშნები მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ბავშვი 4 წლის იყო:

„ჩემი შვილი 4 წლის იყო, როდესაც შევამჩნიე, რომ მისი ქცევითი განვითარება განსხვავდებოდა თანატოლებისგან. მას ასევე ჰქონდა მეტყველების შეფერხება, თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან კარგად ჰქონდა განვითარებული მეხსიერება. ერევანში წავედით, მივმართეთ სპეციალისტებს, რომლებმაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს“.

ლუსინეს შვილი უკვე სრულწლოვანია, ის ძალიან კარგად ფლობს უცხო ენებს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სკოლაში გარკვეული ქცევითი სირთულეები ჰქონდა, მას თანატოლები და მასწავლებლები ყოველთვის სიყვარულით ეპყრობოდნენ.

„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამ აზრთან შეგუება ძალიან რთულია, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც ახლად იაზრებ, რომ შენი შვილი სხვებისგან განსხვავდება. მუდმივად გებადება კითხვა: „რატომ მაინცდამაინც ჩემი შვილი?“, თუმცა დროთა განმავლობაში ხვდები, რომ შენი შვილი უბრალოდ სხვანაირია და სამყაროსაც სხვეგვარად აღიქვამს“, — ამბობს ლუსინე.

კითხვაზე, თუ რას ურჩევდა იმ მშობლებს, რომლებიც ახლა იწყებენ შვილების ქცევით განვითარებაში თავისებურებების შემჩნევას, ლუსინემ უპასუხა:

„პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში. თუ გრძნობთ, რომ თქვენი შვილი სხვებისგან განსხვავდება, ნუ აჰყვებით პანიკას. მიმართეთ სპეციალისტებს, შეისწავლეთ თქვენი შვილის თავისებურებები, მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის და აჩუქეთ ბევრი სიყვარული და ყურადღება. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი შვილის საჭიროებები და დაეხმაროთ მას კომუნიკაციაში — ჯერ თქვენთან, შემდეგ კი საზოგადოებასთან. თუ მას ქცევით გამოვლინებებში განსხვავებები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ვერ გახდება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. უნდა იყოთ მოთმინებით აღჭურვილი, არ ჩაკეტოთ და არ მოწყვიტოთ ბავშვი სოციუმს“.

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლის მისია მარტივი არ არის და ამ გზის მარტო გავლა ხშირად რთულია. სასურველი შედეგის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად აუცილებელია სპეციალისტების, მშობლებისა და თავად ბავშვების ერთობლივი, გუნდური მუშაობა.