ბრიუსელში, 11 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის უვიზო მიმოსვლის სისტემის გადახედვის საკითხზე გამართული შეხვედრა, რომლის შესახებაც ინფორმაცია შეზღუდული და ფრაგმენტული იყო, „ისე წარიმართა, როგორც მრავალთვიანი უურთიერთობის ფონზე პირველი შეხვედრა შეიძლებოდა წარმართულიყო“ — ასე შეაფასა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მაჰაშვილმა, გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, თითქოს ბრიუსელში ეს შეხვედრა „არანაყოფიერად“ შეაფასეს.

მისი თქმით, „ბრიუსელის მხრიდან იყო ძალიან დიდი თხოვნა, რომ ინფორმაცია მედიაში არ გასულიყო, თუმცა შეხვედრა ჯერ დასრულებულიც არ იყო, რომ ბრიუსელიდან ინფორმაციამ გაჟონა“.

„ეს არის სირცხვილი, მათ შორის ბრიუსელის მხრიდან, რომელიც შეხვედრაზე გემუდარება, ინფორმაცია გარეთ არ გამოიტანოო, შენ კი მეოთხე სართულიდან ჩამოსვლაც ვერ მოასწარი და ინფორმაცია მედიაში ჟონავს. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვხედავთ, რას წარმოადგენს „რადიო თავისუფლება“. ის პირდაპირ გადაიქცა იმ ძალების პროპაგანდის რუპორად, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შიდა დაპირისპირებად ან საკუთარ ხელისუფლებასთან ხმაურისა და კონფრონტაციის საგნად აქციონ. რა თქმა უნდა, ისინი ამ თემით მანიპულირებას ცდილობენ. შეხვედრა ისე წარიმართა, როგორც მრავალთვიანი უურთიერთობის ფონზე პირველი შეხვედრა შეიძლებოდა წარმართულიყო. პოზიციები გაცვლილია და ვნახოთ, მომდევნო შეხვედრები აჩვენებს, რამდენად გულწრფელად და კონსტრუქციულად არის ბრიუსელი განწყობილი ურთიერთობებისადმი, თუ კვლავ პოლიტიკური არგუმენტების სროლას დაიწყებს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა და ქართულმა მხარემ იურიდიულად, დეტალურად გაიარა თითოეული კანონი, რომელიც მათ აინტერესებდათ“, — განაცხადა მაჰაშვილმა.

შეხვედრის დღეს „რადიო თავისუფლებამ“ გავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში არსებული წყარო სავიზო საკითხებზე დიალოგს „არანაყოფიერად“ აფასებს.

„წყაროს ინფორმაციით, როდესაც ქართულ დელეგაციას ჰკითხეს, იყვნენ თუ არა მზად კანონების შესაცვლელად, მათ პასუხად განაცხადეს, რომ ტექნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ, ხოლო დასმული საკითხი პოლიტიკურია. საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, გიორგი ტაბატაძემ ევროკომისიასთან სავიზო საკითხებზე გამართული დიალოგის შემდეგ განაცხადა, რომ „პოზიტიურად არის განწყობილი“. თავის მხრივ, „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი ევროპის საკითხებში, რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ისურვა, წერს, რომ ეს დიალოგი „საკმაოდ უშედეგო“ იყო“, — წერს „რადიო თავისუფლება“.