თბილისის პოლიციის თაღლითობასთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მოქალაქეებს მცირე ზომის აგარაკების აშენებასა და სხვა სამუშაოების შესრულებას ჰპირდებოდნენ, აფორმებდნენ ფიქტიურ გარიგებებს და კლიენტებისგან საერთო ჯამში 164 000 ლარი მიიღეს, რომელიც სრულად მიითვისეს.
მეორე საქმის ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც კომპანიაში მუშაობდა და საერთაშორისო ტვირთგადაზიდვების ორგანიზაციულ საკითხებს კურირებდა, თაღლითური გზით კომპანიის მომსახურების საფასურს სხვა საბანკო ანგარიშებზე რიცხავდა, რომელთა რეკვიზიტებსაც თავად აწვდიდა კლიენტებს.
ამ გზით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მან 120 000 ლარი მიითვისა.
ორივე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით — თაღლითობის ფაქტზე — იძიება.
დაკავებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.