საქართველოში ახალი საქონლის ხორცის იმპორტი წლიურად თითქმის 1.9-ჯერ გაიზარდა – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-აპრილში იმპორტირებულია 4.471 მლნ დოლარის ღირებულების (803 ტონა) ხორცი, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში 2.370 მლნ დოლარის ღირებულების (454 ტონა).

საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ხორცის საიმპორტო ფასიც – ზრდამ 6.5% შეადგინა. ასე მაგალითად, შარშან 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 5.22 დოლარი იყო, წელს კი 5.56 დოლარამდე გაძვირდა.

იმპორტირებული საქონლის ხორცის 93.1% ბელარუსული და უკრაინულია

„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქონლის ხორცის იმპორტში 49.6%-იანი წილით ბელარუსი ლიდერობდა, მას კი 43.5%-იანი წილით უკრაინა მოსდევდა. ჯამში ამ ორი ქვეყნის წილი იმპორტში 93.1%-ს შეადგენდა.

უფრო დეტალურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში 5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ღირებულების საქონლის ხორცის იმპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურებოდა:

ბელარუსი – 2.22 მლნ დოლარის ღირებულების 399 ტონა;
უკრაინა – 1.943 მლნ დოლარის ღირებულების 383 ტონა;
აშშ – 107.1 ათასი დოლარის ღირებულების 3.2 ტონა;
რუსეთი – 74.7 ათასი დოლარის ღირებულების 15.2 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 67.4 ათასი დოლარის ღირებულების 1.9 ტონა.

მასალა bpn.ge-დან