სურსათზე ფასების ზრდა სულ უფრო მძიმედ აისახება ოჯახურ ბიუჯეტებზე. ახალქალაქის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით თვალშისაცემად ბოსტნეული და ხილი გაძვირდა, ხელფასი კი სულ უფრო ხშირად იმ ოჯახებშიც კი აღარ ჰყოფნით, სადაც ყველა ზრდასრული წევრი დასაქმებულია.
ხილ-ბოსტნეულის გაძვირება განსაკუთრებით თვალშისაცემია. მყიდველები ამბობენ, რომ ბაზრებსა თუ მაღაზიებში სეზონური პროდუქციის ფასი, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი. გარდა ამისა, ფასებმა მოიმატა რძის პროდუქტებზე, ხორცზე, პურსა და ყოველდღიური მოხმარების სხვა საქონელზე.
ახალქალაქელი ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც შვილები ჯერ არ ჰყავს და მშობლებისგან ცალკე ცხოვრობს, ყვება, რომ შემოსავალი თვის ბოლომდე ძლივს ჰყოფნით. მათი თქმით, ისინი თავს ზედმეტი ხარჯების უფლებას არ აძლევენ.
„ფასების მატებას საკუთარ ბიუჯეტზე მკაფიოდ ვგრძნობთ. პროდუქტებს სამუშაო საათების შემდეგ ვყიდულობთ, როცა ბაზარი და საცხობები უკვე დაკეტილია. ამიტომ გვიწევს მარკეტებში სიარული, სადაც ფასები უფრო მაღალია. წელს ხილ-ბოსტნეული ძალიან გაძვირდა, მაღაზიებში კი — მით უმეტეს. მარტო პომიდვრის წლევანდელი და შარშანდელი ფასების შედარებაც კი კმარა. თვის ბოლოს ეკონომიის გაკეთებას ვიწყებთ. ჩვენი შემოსავლით ძლივს გაგვაქვს თავი. წარმოდგენაც კი არ გვაქვს, როგორ ვიცხოვრებთ, როცა შვილები შეგვეძინება, ან როგორ უნდა დავზოგოთ ფული სახლის შესაძენად და სხვა აუცილებელი საჭიროებებისთვის. თანაც, ჩვენი ხელფასები, ახალქალაქის მასშტაბით, საშუალოდ ითვლება“, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
ყველა გამოკითხული ჩვენთან საუბარს მხოლოდ ანონიმურობის პირობით დათანხმდა.
ეკონომიკურ სირთულეებს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ ბავშვიანი ოჯახები, პენსიონერები და დაბალი შემოსავლის მქონე პირები. სურსათსა და კომუნალურ მომსახურებაზე ფასების ზრდა ზრდის ფინანსურ ტვირთს შინამეურნეობებზე.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სამ შვილს ზრდის, ამბობს, რომ დღეს თავი ძლივს გააქვთ. ოჯახის მამაკაცები რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ და სახლში ფული ჯერ არ გამოუგზავნიათ. ოჯახში პენსიონერიც ცხოვრობს, ძირითადი ხარჯები კი ქალის მხრებზე გადადის.
ის აღნიშნავს, რომ ფასების საერთო მატებასთან ერთად ბავშვების ხარჯებიც გაიზარდა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც სასკოლო ექსკურსიების სეზონი დაიწყო.
„ვაჭრობით ვარ დაკავებული, მაგრამ ახლა საქმე ცუდად მიდის. რაიონის ბევრი მცხოვრები ნივთებს ონლაინ ყიდულობს, პენსია კი მხოლოდ კომუნალური გადასახადების გადასახდელად გვყოფნის. საღამოობით გათბობას დღემდე ვრთავთ. სკოლის ხარჯები ძალიან დიდია. ბავშვი ხედავს, რომ კლასელებს ახალი ტელეფონები და მოდური ტანსაცმელი აქვთ, და მშობლებს ისიც სთხოვს. ახლა ექსკურსიების სეზონი დაიწყო. გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოება ძალიან განებივრდა: ბოლო ზარს, ნათლობებს, დაბადების დღეებსა და სხვა ღონისძიებებს დიდი მასშტაბით აღნიშნავენ. ქალაქში არ არის მიღებული ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუმცა 100 ლარის ჩუქებაც უკვე სირცხვილია. მონაწილეობაზე უარის თქმა კი მაინც შეუძლებელია“, — ამბობს კიდევ ერთი რესპონდენტი.
ბოსტნეულისა და ხილის გარდა, ფასების ზრდა შესამჩნევია ხორცზე, რძის პროდუქტებსა და ყოველდღიური მოხმარების სხვა საქონელზეც.
მაკარონისა და ბევრი სხვა პროდუქტის ღირებულება თანდათან იზრდება — ყოველ ჯერზე 30–40 თეთრით. თუმცა, ჯამში ეს არსებითად აისახება ოჯახის ხარჯებზე. თუ ადრე 100–150 ლარის დახარჯვით ოჯახს შეეძლო ერთი კვირის პროდუქტებით უზრუნველეყო თავი, ახლა ეს თანხა აღარ არის საკმარისი.
„ყოველ ჯერზე, როცა მაღაზიაში შედიხარ, ახალ ფასებს ამჩნევ. ყიდულობ იმავე პროდუქტებს, რასაც ადრე, მაგრამ გაცილებით მეტს ხარჯავ. ხელფასი ყველაფრისთვის უკვე აღარ გვყოფნის“, — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
თუმცა, მოსახლეობის ხარჯები მხოლოდ სურსათით არ შემოიფარგლება. აუცილებელია ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა, შვილების სწავლის საფასურის გადახდა, დასვენებისთვის სახსრების მოძიება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. წამლები და მკურნალობა ყველას სჭირდება — ბავშვებსაც და უფროსებსაც, განსაკუთრებით კი პენსიონერებს. ამიტომ ბევრი ოჯახი აღნიშნავს, რომ ხელფასი სულ უფრო ხშირად არა მხოლოდ მსხვილი შენაძენებისთვის, არამედ ყოველდღიური ხარჯებისთვისაც კი აღარ ჰყოფნით.
ბევრი ოჯახი იძულებულია გადახედოს თავის ხარჯებს და უარი თქვას ზოგიერთ შენაძენზე. მცხოვრებლები ამბობენ, რომ დღეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა ზრდასრული წევრი დასაქმებულია, სულ უფრო რთული ხდება ცხოვრების ჩვეული დონის შენარჩუნება.
მოსახლეობას ესმის, რომ ფასების ზრდა დაკავშირებულია ინფლაციასთან, პროდუქციის წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯების მატებასთან, ასევე საგარეო ბაზრებზე არსებულ ცვლილებებთან. თუმცა, ბევრს აშფოთებს ის, რომ შემოსავლები ინფლაციას ჩამორჩება. მშობლები აღიარებენ, რომ უხერხულობას გრძნობენ შვილების წინაშე იმის გამო, რომ ყოველთვის არ შეუძლიათ მათი სურვილების შესრულება. ამასთან, ისინი მუშაობენ და გამოიმუშავებენ, მაგრამ მათი შემოსავლები გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე ფასები.
ტურიზმის სფეროს თანამშრომელი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი თავს შედარებით სტაბილურად მხოლოდ ბიზნესიდან მიღებული დამატებითი შემოსავლის წყალობით გრძნობს. მისი თქმით, საკუთარი საქმე რომ არა, ადგილობრივი მასშტაბით კარგი ხელფასების პირობებშიც კი, ისინი ბევრ რამეს ვერ მისცემდნენ თავს უფლებას.
რესპონდენტი ტურისტულ კომპანიაში მუშაობს და აღნიშნავს ფასების მატებას სატრანსპორტო მომსახურებაზე, რესტორნებსა და სასტუმროებში.
„გასულ წელთან შედარებით, სატრანსპორტო ხარჯები მინიმუმ 30%-ით გაიზარდა, ფასები რესტორნებში — 3–5%-ით, ხოლო სასტუმროებში — 5–8%-ით. ჩემი მომსახურების ღირებულება მხოლოდ 30 ლარით გავზარდე. მეტად ვერ ვუმატებ, თორემ კლიენტებს დავკარგავ. მოსახლეობა უკვე აღარ არის მზად მეტი დახარჯოს. შედეგად, გაძვირება პირდაპირ აისახება ჩემს შემოსავლებზე და ხარჯების ნაწილის დაფარვა საკუთარი ხარჯებით მიწევს. ერთადერთი, რაც ოდნავ გვეხმარება, დოლარის კურსის კლებაა“, — ამბობს ის.
შემოსავლების სხვადასხვა დონისა და ცხოვრების წესის მიუხედავად, მცხოვრებთა უმრავლესობა ერთ რამეში თანხმდება: ცხოვრების ღირებულება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ხელფასი. ადამიანები სულ უფრო ხშირად არიან იძულებულნი გააკეთონ ეკონომია, გადადონ მსხვილი შენაძენები და გადახედონ ოჯახის ხარჯებს. ამ პირობებში ბევრისთვის მთავარ კითხვად კვლავ შემოსავლების მსყიდველობითი უნარის შენარჩუნება და ხვალინდელი დღის რწმენა რჩება.