ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების განახლების თარიღი დადგენილი არ არის. ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე სადემონტაჟო სამუშაოების ნაწილი ჩატარდა, რის შემდეგაც ყველა სამუშაო შეჩერდა და მას მერე აღარც განახლებულა.

Jnews ამ საკითხთან დაკავშირებით ახალქალაქის მერიას დაუკავშირდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მერიის კომპეტენციაში არ შედიოდა, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი, არა მოვსისიანი, მაინც შეეცადა ზემდგომი პირებისგან ინფორმაციის მიღებას.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ახალი ტენდერის გამოცხადების თარიღების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ არსებობს“, — განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რა ბედი ელის საბავშვო ბაღს, ვინაიდან ყველა ბაღმა 2027 წლისთვის ავტორიზაცია უნდა გაიაროს, არა მოვსისიანმა უპასუხა:

„თუ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება, ვფიქრობ, საბავშვო ბაღის რემონტის დასრულება 2027 წლისთვის მოესწრება, რადგან დასასრულებელი ცოტა სამუშაოა დარჩენილი“.

აღსანიშნავია, რომ №3 საბავშვო ბაღის რემონტს შპს „ლაგი კაპიტალი“ ახორციელებდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება, ყველა სამუშაოსა და მომსახურების ჩათვლით, 3 261 495 ლარს შეადგენს. ტენდერი რეგიონული განვითარების ფონდმა 2023 წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, კომპანიასთან ხელშეკრულება კი იმავე წლის 19 დეკემბერს გაფორმდა.

პირობების თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კალენდარული თვის ვადაში, ანუ 2025 წლის აპრილისთვის უნდა დასრულებულიყო. რემონტი 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო, თუმცა მხოლოდ გარკვეული სადემონტაჟო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოები შეჩერდა და აღარ განახლებულა.