საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური იმიგრაციული კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს.

შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია ქვეყანაში არალეგალურად მყოფი 42 უცხოელი. მათ შორის არიან უზბეკეთის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, უგანდის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, რუსეთის, ტაილანდის, თურქეთისა და იემენის მოქალაქეები.

„სპეციალური იმიგრაციული კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად დაკავებული პირები განთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს“, — ნათქვამია განცხადებაში.